Lamborghini-მ სასამართლო დავა მოიგო და უფასოდ მიიღო დომენი, რომელშიც 75 მილიონს სთხოვდნენ
Lamborghini-მ რამდენიმე დღის წინ მნიშვნელოვანი სასამართლო მოიგო, თუმცა ის ავტომობილებს სულაც არ ეხებოდა — დავა არც მეტი, არც ნაკლები, ვებ-გვერდის დომენის სახელის ირგვლივ მიმდინარეობდა.
2018 წელს არიზონელმა მამაკაცმა დომენი Lambo.com, დაახლოებით, 10 000$-ად შეიძინა. რა თქმა უნდა, ინტერნეტის ადრეულ დღეებში იტალიურ ავტომწარმოებელს შეძენილი ჰქონდა დომეინი Lamborghini.com, თუმცა მისი შემოკლებული ვერსიის ყიდვაზე, რატომღაც, კომპანიაში არავის უფიქრია და რიჩარდ ბლერმაც სწორედ ამ ფაქტის გამოყენება სცადა. როგორც აღმოჩნდა, ეს ასე მარტივი არ არის...
პირველ რიგში, მან, რა თქმა უნდა, დომენის მიყიდვა Lamborghini-სთვის სცადა, რაც ლოგიკური გადაწყვეტილებაა, თუმცა 75 მილიონი დოლარი, რომელიც მოითხოვა, ავტომწარმოებლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და საქმე სასამართლო დარბაზამდე მივიდა. სწორედ აქ დაუშვა კრიტიკული შეცდომა რიჩარდ ბლერმა. როცა მოსამართლემ ჰკითხა, რა მიზეზით შეიძინა ეს დომენი და რა კავშირი ჰქონდა Lambo.com-ს მასთან, მან განაცხადა, რომ უბრალოდ მოეწონა და ასევე, სიტყვა Lambo ჟღერადობით ჰგავდა სიტყვა „ცხვარს“ (Lamb), ეს კი ოდესღაც მისი ზედმეტსახელი იყო. საბოლოოდ, ამ მიზეზმა დაცვის მხარე მხოლოდ დააზარალა.
აღმოჩნდა, რომ ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში საკუთარი იდენტობის Lambo-დ გადაკეთება რიჩარდ ბლერმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც სასამართლოზე აღნიშნული მოიტყუა. ასევე, შეძენის შემდეგ ვებ-გვერდი არ განუვითარებია, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ სწორედ ლამბორგინისთვის მისაყიდად შეიძინა, ეს კი ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევაა. ალბათ, რთული მისახვედრი არ არის, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი — Lamborghini-მ გაიმარჯვა და დომენი 75 მილიონის ნაცვლად, უფასოდ მიიღო.
რატომ ვეღარ ივაჭრებთ დომენებით დღესდღეობით?
ინტერნეტის ადრეულ დღეებში, არაერთმა ადამიანმა დომენების სახელებით ვაჭრობით დიდი შემოსავალი მიიღო. მაგალითად, ამერიკელმა Bitcoin ინვესტორმა, მაიკლ სეილორმა 1990-იან წლებში არაერთი ერთსიტყვიანი დომენი შეიძინა და მოგვიანებით ძალიან ძვირად გაყიდა (მათ შორის Voice.com — დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული სახელი).
ამ სტრატეგიის გამეორება დღეს ძალიან რთულია, რადგან დიდი კომპანიების უმრავლესობას, როგორც წესი, თავისი სახელის ყველა შესაძლო კომბინაციის დომენი უკვე შეძენილი აქვს და თუ არ აქვს, მაშინ მზადაა, დახარჯოს შედარებით ნაკლები თანხა და მფლობელის წინააღმდეგ სასამართლოში იდავოს, როგორც ეს სუპერქარების იტალიურმა მწარმოებელმა გააკეთა. 
ბოლოს კი, იხილეთ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული დომენების ხუთეული:
1998 წელი: AltaVista.com გახდა პირველი შვიდნიშნა თანხად გაყიდული დომენი (3.3 მილიონი დოლარი);
2001 წელი: Hotels.com 11 მილიონ დოლარად (პირველი რვანიშნა თანხად შეფასებული დომენი) შეიძინა Expedia Group-მა;
2011 წელი: Apple-მა iCloud.com 4.5 მილიონ დოლარად შეიძინა;
2014 წელი: Tesla-მ Tesla.com 11 მილიონ დოლარად იყიდა;
2019 წელი: სტატიაში ნახსენებმა მაიკლ სეილორმა დომენი Voice.com 30 მილიონ დოლარად გაყიდა.