მატე რიმაცი მყარსხეულიან ბატარეაზე მუშაობს, რომლითაც ბუგატის ახალი მოდელი აღიჭურვება
ბატარეების ჩინურ და სამხრეთკორეულ გიგანტებთან შედარებით, Rimac Technology, ჯერჯერობით, შედარებით მცირე ზომის მოთამაშეა. მიუხედავად ამისა, მატე რიმაცი ამას არ შეუჩერებია — ხორვატი ანტრეპრენერი ჯიუტად ცდილობს მყარსხეულიანი ბატარეის შექმნას, რომლითაც Bugatti-ს მომავალი მოდელები აღიჭურვებიან, რაც ელექტრომობილების ტექნოლოგიას არსებითად ახალ საფეხურზე აიყვანს. იტალიური ავტომწარმოებლის აღმასრულებელი დირექტორის მიერ დასახული ვადაც ამბიციურია — მას ამ ყველაფრის მოსწრება მომავალ 5 წელიწადში სურს. 
ბატარეის შექმნის პროცესი
ოპერაციული დირექტორის, ნურდინ პიტარევიჩის განცხადებით, კომპანია ახლა Mitsubishi-ს კომპოზიტური მასალების სპეციალისტებთან და ProLogium-თან ერთად მუშაობს, რათა ახალ ბატარეას სული შთაბეროს.
ბატარეის პროტოტიპი 100 კვტ.სთ-იანია და 30კგ-ს იწონის. რიმაცის თქმით, მას ტრადიციულ ბატარეებზე 20-30%-ით მეტი ენერგიის სიმჭიდროვე აქვს... Autocar-თან საუბარში პიტარევიჩმა განაცხადა, რომ ახალი ბატარეების გამოცდა მალე დაიწყება და Bugatti-ს მოდელში პირველად 2030 წლისთვის გამოჩნდება. 
დეტალები მოდელზე, რომელშიც რიმაცის მყარსხეულიანი ბატარეა მოთავსდება, არ ვიცით, თუმცა სავარაუდოდ, ის სპეციალური გამოშვების იქნება და დაიკავებს ადგილს Bugatti Tourbillon-ის გვერდით.
Rimac Technology მხოლოდ განვითარებული ბატარეების შექმნით არ დაკმაყოფილდება — კომპანია მუშაობს ელექტრო ხიდზეც, რომელიც დააკავშირებს ერთმანეთთან ელექტროძრავებს, გადაცემათა კოლოფსა და ელექტრონიკას და იქნება თავსებადი როგორც წინა, ისე უკანა და სრულად ამძრავი მოდელებისთვის. ის 470 ცხ.ძ-მდე სიმძლავრეზე იქნება გათვლილი, რაც ამ ტექნოლოგიის პერფორმანსზე ორიენტირებულ მოდელებში გამოყენებას გახდის შესაძლებელს.
„ყველა დროის ყველაზე მაგარ აღმასრულებელ დირექტორად“ წოდებულმა მატე რიმაცმა ავტომოყვარულები მიაჩვია წარმატებებს და, იმედია, იმედებს არც ამ შემთხვევაში გაგვიცრუებს.
ასევე იხილეთ: რატომ არის მატე რიმაცი „ყველა დროის ყველაზე მაგარი აღმასრულებელი დირექტორი“?