Renault, რენო, რენო კლიო, Renault Clio RS
Aa
Aa

შესაძლოა, Renault-მა სპორტული მოდელები დააბრუნოს

შესაძლოა, რენომ RenaultSport განყოფილების დახურვა ცოტა იჩქარა... მომხმარებელი სპორტული მოდელების — Megane RS-ისა და Clio RS-ის გაუქმებას მაინცდამაინც აპლოდისმენტებით არ შეხვდა... თუმცა, როგორც ვიგებთ, შესაძლოა, ეს „ნახვამდის“ იყო და არა “მშვიდობით". 

Renault-ის საერთაშორისო გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორის, ბრუნო ვანელის განცხადებით, თუ ეს მომხმარებლის სურვილი იქნება, შესაძლოა, RS ბრენდი დაბრუნდეს. Auto Express-თან საუბრისას, ვანელმა დაადასტურა, რომ რენოს აქვს იმის რესურსი, რომ პერფორმანსზე ორიენტირებული მოდელი დააბრუნოს და უფრო მოსალოდნელია, რომ ეს Clio RS იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ რენოს გულშემატკივრების დიდ ნაწილს Megane RS-ის დაბრუნება უფრო გაუხარდებოდა, ამის შანსი საკმაოდ დაბალია, ვინაიდან მისი შთამომავალი ამ მომენტში სრულად ელექტრო ქროსოვერია... აი, რაც შეეხება ახალი თაობის კლიოს, რომელის რამდენიმე თვის წინ წარადგინეს, მეტად თავსებადი საფუძვლები აქვს. მე-6 თაობის მოდელს აგრესიული დიზაინი და ვიზუალი გამოარჩევს, შესაბამისად, მისი „გაერესება“ უფრო მარტივად წარმოსადგენია (და, რაც ყველაზე მთავარია, კლიო ჰეჩბექად დარჩა).

„კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ასეთი მანქანები... ასევე, ჩვენ გვაქვს ჰიბრიდული ძალური აგრეგატები, ნახშირბადის ნაკლები გაფრქვევით მაქსიმალური სიმძლავრის მისაღებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნახშირბადი უფრო და უფრო დიდი წინაღობა ხდება. შესაძლოა Renault-მა მართლაც გადაიფიქროს — მოვიცდით კიდევ რამდენიმე თვე და შემდეგ ამაზე დავფიქრდებით" — განაცხადა რენოს საერთაშორისო გაყიდვებისა და ოპერაციების დირექტორმა. 

მართლაც, თუ რენო RS-ის დაბრუნებას გადაწყვეტს, სავარაუდოდ, ახალი Clio ამ მომენტში არსებული მოდელის ჰიბრიდულ სისტემაზე აეწყობა. ამ ეტაპზე მოდელი 1.8-ლიტრიანი ძრავისა და ელექტროძრავის კომბინაციით 158 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს — თუ ფრანგული ავტომწარმოებელი შეძლებს, სპორტულ კლიოში ეს რიცხვი 220 ცხ.ძ-მდე გაზარდოს, მაშინ წინა თაობის პერფორმანსს, მეტ-ნაკლებად, გაუთანაბრდება.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები