Porsche ჩინელების ინოვაციურობას აღიარებს, თუმცა მათ შიგაწვის ძრავებით ებრძვის
მხოლოდ იმის თქმა, რომ Porsche-ს ჩინეთში პრობლემები აქვს, საკმარისი არ იქნება. ჩინეთში გერმანულმა ავტომწარმოებელმა 2024 წელს 57 000-მდე ავტომობილი გაყიდა - წლიურ ჭრილში 28%-ით ნაკლები - ეს უარყოფითი ტენდენცია კი, მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება. კერძოდ, მხოლოდ 2025 წლის პირველ ცხრა თვეში, კომპანიის გაყიდვები დამატებით 26%-ით შემცირდა.
მომავალზე ფიქრისას, Porsche-ს აქვს გეგმა, სახელწოდებით „ჩინეთის დაბრუნება“, თუმცა აღიარებს, რომ გაყიდვების წარსულ დონემდე აყვანა არარეალურია. როგორც გამოცემა Automobilwoche-სთან ინტერვიუში Porsche China-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ პოლიხმა თქვა, „ჩინეთში ინოვაციების ტემპი განსაცვიფრებელი“, კონკურენცია კი, წარმოუდგენლად მაღალია.
„ჩინეთში ინოვაციების ტემპი განსაცვიფრებელია, ისევე როგორც წარმოდგენილი პროდუქციის მრავალფეროვნება, ფასები და მარკეტინგული სტრატეგიები. ეს ყველაფერი, როგორც ჩანს, ყოველდღიურად იცვლება. და მანქანები... მოდი ვიყოთ გულახდილები, ისინი მომხმარებელს იზიდავს. მაგრამ ჩვენ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდებით“, - განაცხადა პოლიხმა.
თუმცა ჩინეთში Porsche-ს გაყიდვები არა მხოლოდ დაბალფასიანი ელექტრომობილების შემოდინების, არამედ ფუფუნების საგნებზე გადასახადის ზღვრის შემცირების გამოც დავარდა. თუ ადრე, 1.3 მილიონ იუანზე დაბალი ღირებულების მანქანები იბეგრებოდა, ახლა ეს ღირებულება 900 000 იუანია. ამან Porsche-ები მყიდველებისთვის კიდევ უფრო ძვირი და მიუწვდომელი გახადა.

შესაბამისად, Porsche წარმოებასაც ამცირებს. 2024 წელს თუ 150-მდე გაყიდვის წერტილი ჰქონდა, ახლა 120-მდეა დასული. მომავალი წლის ბოლოსთვის მხოლოდ 80 ფიზიკური დილერი ეყოლება. მაღაზიები კი, მოუთმენლად ელოდებიან ახლად გამოცხადებულ, შიგაწვის ძრავის მქონე SUV-ებს. ავტომწარმოებელმა Macan-ის ახალი ბენზინზე მომუშავე მოდელით ჩანაცვლების გეგმებიც დაადასტურა.

თუმცა „ჩინეთის დაბრუნების“ სტრატეგიის ფარგლებში, ელექტრომობილები თავის როლს მაინც ითამაშებენ. ადგილობრივი ბაზრისთვის გამოვა Cayenne Electric-იც. ასევე უნდა ველოდოთ 718 EV-საც, რომელიც, როგორც ამბობენ, „თავისი სპორტული ხასიათით ჩინეთში უნიკალურია“.
მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომდევნო თაობის Boxster-ი და Cayman-ი ბენზინის ძრავებს კვლავ შემოგვთავაზებენ. Porsche-მ ზუსტად იცის, რომ მას მხოლოდ ელექტრომობილებზე დაყრდნობა სასურველ შედეგს არ მოუტანს. სწორედ ამიტომ, ავტომწარმოებელი შიგაწვის ძრავები მიმართულებით განვითარებას განაგრძობს და ახალი ტიპის ICE-ების შეთავაზებაზეც მუშაობს.