Ford-მა და SK-მ პარტნიორობა დაასრულეს | EV ბატარეების ერთობლივი პროექტი აღარ გაგრძელდება
2021 წელს Ford-მა და ბატარეების სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა SK-მა აშშ-ის მასშტაბით ელექტრომობილების ბატარეების მწარმოებელი რამდენიმე ქარხნის ასაშენებლად 11.4 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რომელიც მაშინ ელექტრომობილების პროექტის მიმართ Ford-ის ნდობაზე მიანიშნებდა.
მიუხედავად ამისა, ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ამას ამერიკული ავტომწარმოებელი ელოდა. 2025 წლის ბოლოს, აღნიშნული პარტნიორობა უქმდება... ალუმინის ქარხნის ხანძარმა, ელექტრომობილებზე დაწესებულმა გადასახადებმა და ბაზრის არასტაბილურობამ გაყიდვებზე მნიშვნელოვნად იმოქმედა და Ford-ს აიძულა, შიგაწვისძრავიანი მოდელების წარმოებას უფრო დიდი რესურსი დაუთმოს.
ასევე იხილეთ:Ford ფსონს კვლავ შიგაწვისძრავიან სატვირთოებზე ჩამოდის — მიზეზები
SK-ისა და Ford-ის „გაყრის“ შედეგად, კორეული კომპანია გადაიბარებს ერთობლივად აშენებულ ქარხანა BlueOval-ს ტენესიში. ფორდი კენტუკის შტატში მდებარე ორ ქარხანას შეინარჩუნებს. ორივე მხარე თვლის, რომ ერთობლივი წარმოების შეწყვეტა ორივე კომპანიას დაეხმარება, მეტად მოქნილები იყონ გადაწყვეტილებების მიღებისას. 
ასევე, კომპანიებს მოუწევთ, ერთად გადაიხადონ 9.6-მილიარდიანი სესხი, რომელიც პარტნიორობის სტარტზე აიღეს. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია Ford-ს რესტრუქტურიზაციაში დაეხმარება, რათა ამერიკულმა კომპანიამ ეს სირთულე შედარებით მარტივად გადალახოს — თავად ფორდს სურს, დავალიანება თავდაპირველ გრაფიკზე მალე დაფაროს.
EV გაყიდვები
რაც შეეხება ელექტრომობილების გაყიდვებს, ისინი ეცემა. აღმასრულებელი დირექტორის, ჯიმ ფარლის განცხადებით, მომავალში ეს ტენდენცია გაუარესდება, რაშიც ახალი ადმინისტრაციის მიერ დაწესებულ ტარიფებსა და გადასახადებს ადანაშაულებს. 
2024 წელს EV მიმართულებით Ford-მა 5.1 მილიარდი დოლარი დაკარგა, წელს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდი იქნება. შესაძლოა, „ლურჯი ოვალი" ძალიან სწორად იქცევა, როცა ელექტრომობილების პროექტს გაურკვეველი ვადით განზე სწევს და ბაზრის მოთხოვნებს ერგება — თუმცა, ამის ზუსტად თქმა, ალბათ, რამდენიმე წელიწადში შეგვეძლება.