ავტოდიზაინერმა, ხელოვნური ინტელექტით, Lexus EV-ის დიზაინი 24 საათში შექმნა
სამუშაო პროცესში ხელოვნური ინტელექტის სწორი ინტეგრაცია შესაძლოა ბევრი დადებითი შედეგის მომტანი გახდეს. AI სწრაფად ვითარდება და თითქმის ყველა მიმართულებით გამოიყენება, მათ შორის გამონაკლისი არც დიზაინია.
ამჯერად, Ford Europe-ის ფრანგმა ავტოდიზაინერმა, ანტონინ კოენიმ გადაწყვიტა, ხელოვნური ინტელექტი ავტოდიზაინში, ავტომობილის დასაპროექტებლად გამოეყენებინა. როგორც ამბობს, თავიდან თავადაც AI-ის წინააღმდეგ იყო, თუმცა მას შემდეგ რაც ის ძირფესვიანად შეისწავლა დარწმუნდა, რომ AI-ის ინსტრუმენტების ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ჩართვა გამოსადეგია.

ტექნოლოგია მას საშუალებას აძლევს, შექმნას რეალისტური რენდერები და სწრაფად შეისწავლოს სხვადასხვა ფერები, მასალები და გარემო. კოენმა ახალი ტექნოლოგია თავის პირად პროექტზე, Lexus-ის ლოგოთი აღჭურვილ ფუტურისტულ ელექტრომობილზე, გამოცადა. პროექტი დახრილი ორკარიანი ჰეჩბეკის წინა და უკანა მხარეს შეადგენდა. აქედან საქმე საკუთარ თავზე AI-მ აიღო და ვიზუალური ეფექტების სრული ნაკრები შექმნა.

მოკლე ცხვირი, სუპერქარის სტილის მქონე დახრილი საქარე მინა და ქვემოთ დამონტაჟებული LED-მაშუქები — ეს ყველაფერი, Lexus-ის ელექტრომობილს სპორტულ იერს სძენს. უკანა მხარეს მინის სახურავს ვხედავთ, ასევე თხელ LED-მაშუქებსა და კარბონისგან დამზადებულ დიფუზორს.
იმისათვის, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ფოტოები კიდევ უფრო რეალურს დამსგავსებოდა, კოენმა „კულისებს მიღმა“ გადაღებული სურათებიც შექმნა. მაგალითად, როგორ ამზადებენ მანქანას წარმოსახვითი პრესგადაღებებისთვის, ტესტავენ და ასუფთავებენ. ზოგიერთ სურათში ინტერიერიც ჩანს, რომელიც ფართო ციფრული კაბინით და დახრილი ცენტრალური კონსოლითაა წარმოდგენილი.
„ხელოვნური ინტელექტი საშუალებას გვაძლევს, რენდერების შექმნაზე დროის დახარჯვის გარეშე, ყურადღება მხოლოდ შემოქმედებით მხარეზე გავამახვილოთ. მე ილუსტრაციებზე მუშაობა მიყვარს, ესკიზებიც შევქმენი, რასაც სამი დღე დასჭირდა, თუმცა ზოგჯერ, უბრალოდ ამის დრო არ მაქვს“, - თქვა კოენმა.
Lexus-ის ეს პროტოტიპი შესაძლოა სრულად ციფრული იყოს, თუმცა ის ნათლად აჩვენებს, თუ რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, ავტოდიზაინში ხელოვნური ინტელექტის ჩართვით. ამ დიზაინის შექმნას სულ რაღაც 24 საათი დასჭირდა, რაც ნიშნავს, რომ AI-ის გააზრებული გამოყენების შემთხვევაში, ის შესაძლოა დროის დაზოგვის საშუალებაც იქცეს.