EV, ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები, PHEV, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

აშშ-ში უარყოფითი ტენდენციის მიუხედავად, EV და PHEV გაყიდვები გლობალურად 21%-ით გაიზარდა

შესაძლოა, ბოლო პერიოდში არაერთი სიახლე წაიკითხეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრომობილების წარმოებაში პრობელემებია და შიგაწვისძრავიანი ავტომობილების კონტრრევოლუცია მოდის, თუმცა რეალობა ამაზე სულ ოდნავ კომლექსურია. 

მართლაც, ზოგ ბაზარზე EV ბუმი განელდა და ავტომწარმოებლების ნაწილმა სრულად „გაელექტროება“ გადაავადა, თუმცა გლობალური სურათი განსხვავებულ რეალობას ასახავს. სტატისტიკური მონაცემებით, ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წინა წელთან შედარებით, რისი მამოძრავებელი ძალაც ევროპასა და ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნაა.

Rho Motion-ის კვლევის თანახმად, 2025 წლის იანვარიდან ნოემბრამდე შუალედში გაყიდვების ზრდამ 21% შეადგინა და 18.5 მილიონ ერთეულს მიაღწია.  

რა თქმა უნდა, მთავარი „დამნაშავე“ ჩინეთია, სადაც ჯამურად ელექტრომობილებისა და დამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვებმა 11.6 მილიონი შეადგინა — გასულ წელზე 19%-ით მეტი. ევროპა, ცხადია, უფრო მცირე ზომის ბაზარია, თუმცა პროცენტულად უფრო სწრაფად იზრდება — წელს იქ 3.8 მილიონი EV და PHEV გაიყიდა, ეს კი 33%-იანი ზრდაა.

თუ ევროპულ ბაზარს უფრო ჩავუღრმავდებით, სრულად ელექტრო ავტომობილების გაყიდვებმა აქ 34%-ით, ხოლო დამუხტვადი ჰიბრიდებისამ 39%-ით იმატა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ამ სტატისტიკაში საფრანგეთსა და იტალიაში არსებული ვითარებაა. ამ უკანასკნელში ელექტრომობილების გაყიდვების წასახალისებელი პროგრამაც მოქმედებს, რომელშიც მოსახლეობას ძველი შიგაწვისძრავიანი მოდელების გაყიდვისკენ მოუწოდებენ.

მიუხედავად ამისა, ევროპული ბაზარი მაინც ნაკლებად პროგნოზირებადია — იმდენად, რომ ევროკავშირი აპირებს, გააუქმოს რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ავტომწარმოებლებს 2035 წლის შემდეგ შიგაწვისძრავიანი მოდელების გამოშვება აეკრძალებათ. 

ასევე იხილეთ: შესაძლოა, ევროკავშირმა შიგაწვისძრავიანი ავტომობილების აკრძალვა გააუქმოს

და რა ხდება ამერიკაში?

ვითარება ჩრდილოეთ ამერიკაში აღნიშნული ტენდენციის აბსოლუტური საპირისპიროა. ელექტრომობილებზე დაწესებული გადასახადების ზრდის გამო, გაყიდვები ყველა მოლოდინზე დაბლაა და ადგილობრივ მწარმოებლებს EV მოდელების გაუქმება უწევთ.

EV და PHEV გაყიდვები ამ რეგიონში წინა წელთან შედარებით 1%-ითაა შემცირებული. პრობლემას კარგად ასახავს Ford-ში არსებული ვითარებაც. ამერიკული ავტომშენებლობის გიგანტს მოუწია, F150 Lightning-ის წარმოება გაურკვეველი ვადით შეეჩერებინა, რათა პოპულარული მოდელის შიგაწვისძრავიანი ვერსიის წარმოება გაეზარდა.

საბოლოოდ, ელექტრომობილები ავტომობილების სამყაროს, ალბათ, მაინც დაიპყრობენ, საკითხავი კი ის არის, რამდენი დროა დარჩენილი სრულ გაელექტროებამდე. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები