ჰიბრიდული, ბიუაიდი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ბივაიდი, ბივაიდი დოლფინი
Aa
Aa

BYD არ ხუმრობს! — ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი ევროპულ ბაზარს თავდაყირა დააყენებს

ჩინური გიგანტი, BYD ევროპული ბაზრის დაპყრობას აგრძელებს და რეალობა უკვე საკმაოდ საშიშია. ბრენდმა ახალი BYD Dolphin G DM-i წარადგინა — კომპაქტური ჰეჩბეკი, რომელიც ევროპული კონკურენტების ჩაძირვას გეგმავს, თუმცა მათგან განსხვავებით, ბრძოლაში დამუხტვადი ჰიბრიდული ტექნოლოგია შემოჰყავს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

მაშინ, როდესაც ამ კლასის ევროპელი ლიდერები ძირითადად ე.წ. მაილდ-ჰიბრიდებს, სტანდარტულ ჰიბრიდებსა და სრულად ელექტრონულ სისტემებს ეყრდნობიან, ჩინურ ავტომწარმოებელს მიაჩნია, რომ ბაზარზე არსებობს თავისუფალი სივრცე მოდელისთვის, რომელიც მომხმარებელს ელექტრო რეჟიმში ხანგრძლივ მართვასა და შიგაწვის ძრავის ტრადიციულ პრაქტიკულობას ერთდროულად შესთავაზებს. მწარმოებლის განცხადებით, Dolphin G DM-i-ს სავსე ავზითა და სრულად დამუხტული ელემენტით ჯამში 1000კმ-ზე დიდი მანძილის დაფარვა შეუძლია.

ავტომობილის სიგრძე 4 160 მმ-ია და ის სპეციალურად საექსპორტო ბაზრებისთვის, მათ შორის ევროპისთვის შეიქმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია BYD-სთვის, რადგან ჩინური ბრენდების უმეტესობა ევროპაში საკუთარი შიდა ბაზრისთვის განკუთვნილი მოდელების ადაპტირებულ ვერსიებს ყიდის, Dolphin G კი თავიდანვე ევროპელი მომხმარებლის გემოვნების შესაბამისად შეიქმნა.

BYD ჯერჯერობით არ აკონკრეტებს ზუსტ ტექნიკურ მონაცემებს, თუმცა ბრენდის სხვა Super Hybrid DM სისტემებზე დაყრდნობით, ბენზინის ძრავა ძირითადად გენერატორის როლს ასრულებს ბატარეების ბლოკის დასამუხტად (Range Extender). 

ტექნიკური თვალსაზრისით, სავარაუდო დონორი კომპაქტური SUV — Atto 2 DM-i იქნება. აღნიშნულ მოდელში 1.5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავისა და ელექტროძრავის კომბინაცია 162-დან 209 ცხენის ძალამდე გამოიმუშავებს. ელემენტის მოცულობის მიხედვით, მხოლოდ ელექტროენერგიაზე გავლილი მანძილი 40-90 კილომეტრამდე მერყეობს.

BYD გვპირდება, რომ Dolphin G-ს მართვა სრულად ელექტრომობილის იდენტური იქნება, თუმცა იმაზე დარდის გარეშე, რომ სადმე ბატარეა ბოლომდე დაიცლება და ქუჩაში დარჩებით. შედარებისთვის, ამ კლასის სრული ელექტრომობილები ერთი დამუხტვით მხოლოდ 290-450 კმ-ს გადიან, რაც ჩინური ჰიბრიდის პოტენციალის ნახევარზე ნაკლებია.

ავტომობილის ოფიციალური ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოლოდინია, რომ ის საგრძნობლად იაფი იქნება თავის მთავარ კონკურენტებზე, მათ შორის 28 475 ფუნტის ღირებულების Honda Jazz e:HEV-ზე. BYD გეგმავს ახალი მოდელი უახლოეს კვირებში ჩაუშვას ევროპულ ბაზარზე, ხოლო პირველი მიწოდებები წლის ბოლომდე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები