ელექტრომობილები, ბიემვი, აუდი, ჩინური ელექტრომობილები, ნიო, ნიო ეტ9
Aa
Aa

ჩინურმა EV-მა BMW და Audi დაკიდების სისტემის ტესტში გამოიწვია

ჩინური ელექტრომობილები გლობალური ბაზრის დაპყრობას განაგრძობენ, რაც, პირველ რიგში, ევროპულ და ამერიკულ კონკურენტებთან შედარებით, მათი დაბალი ფასის დამსახურებაა. თუმცა ჩინელები ასევე აქტიურად ცდილობენ დაამტკიცონ, რომ დაბალი ღირებულების მიღმაც ისინი ამერიკულ და ევროპულ ავტომობილებს არაფრით ჩამოუვარდებიან და, რიგ შემთხვევაში, ესეც საკმაოდ წარმატებით გამოსდით.

ახლა კი ერთ-ერთმა ჩინურმა ელექტრომობილმა გადაწყვიტა, ე.წ. „დაკიდების სისტემის ტესტირებაში“ ძალები მოესინჯა და თან BMW-სა და Audi-ს მოდელებიც გამოიწვია. ტესტირებაში NIO ET9-ის მონაწილეობის კადრები კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა და ძნელი გამოსაცნობიც არაა, თუ რატომ — ორგანიზატორებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა სანახაობა შთამბეჭდავი გამოსულიყო.

არავისთვის სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ავტოწარმოებაში გერმანიასა და ჩინეთს შორის ერთგვარი მეტოქეობა არსებობს: გერმანია, რომელიც საუკუნეზე მეტია, რაც თავისი ხარისხითაა ცნობილი, და ჩინეთი, რომელმაც ავტოსამყაროში ფეხის მოკიდება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. და თუკი დაკიდების სისტემის ტესტის ვიდეოებით ვიმსჯელებთ, ბოლო წლებში ჩინეთმა თამასა საგრძნობლად აწია.

ინტერნეტში გავრცელებულ კადრებში ჩანს NIO ET9, რომელიც ხელოვნურად შექმნილ უსწორმასწორობებზე გადადის და მოძრაობისას საკმაოდ გლუვადაც სრიალებს. მას მიჰყვებიან BMW i7 და Audi A8, რომლებიც იმავე ბორცვზე გადასვლისას ბევრად უფრო არამდგრადად გამოიყურებიან.

შესაძლოა იფიქროთ, რომ რაც ნახეთ, საკმარისია, თუმცა ტესტირება კიდევ უფრო რთულდება. Reddit-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ აწყობენ შამპანურის ჭიქებით პირამიდას ავტომობილის კაპოტზე. თანაც უნდა ვთქვათ, რომ ჭიქებში საკმაოდ ძვირადღირებული სასმელიც ჩაასხეს, რაც NIO ET9-ისა და მისი სტაბილურობის მიმართ ჩინელების თავდაჯერებულობაზე მიგვანიშნებს. ელექტრომობილმა მათი ნდობა კი 100%-ით გაამართლა, რადგან ხელოვნური ბარიერების გადალახვისას პრაქტიკულად ერთი წვეთი სასმელიც კი არ დაღვრილა.

View this post on Instagram

A post shared by DNI OFICIAL (@grupodni)

ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ აღფრთოვანებას ვერც Reddit-ის მომხმარებლები მალავდნენ. მათი თქმით, ჩინური ელექტრომობილის დახმარებით უკანა სავარძელზე მოთავსებული ტორტის გადატანაც კი პრობლემა აღარ იქნება.

რა ვიცით NIO ET9-ის შესახებ?

NIO ET9 ფლაგმანური მოდელია, რომელიც ისეთი ლუქს-კლასის ავტომობილების კონკურენტად შეიქმნა, როგორებიცაა Porsche Panamera და Mercedes-Benz S-Class-ი. მოდელის გამორჩეული მახასიათებლები მოიცავს რევოლუციურ ჰიდრავლიკურ, სრულად აქტიურ დაკიდების სისტემას, 925-ვოლტიან ულტრასწრაფი დამუხტვის არქიტექტურასა და მოწინავე Steer-by-Wire სისტემას. ორძრავიანი სრულად ამძრავი სისტემა დაახლოებით 697 ცხენის ძალის გამომუშავებას გვთავაზობს, ხოლო მაბრუნი მომენტი 700 ნიუტონ-მეტრია. მოდელი 120 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეითაა აღჭურვილი და ერთი სრული დამუხტვით 650 კმ-მდე სვლის მარაგს უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები