ახალი Corvette შესაძლოა ზუსტად ის იყოს, რასაც ამდენხანს ელოდით
Chevrolet Corvette C8 ალბათ ბევრი ავტომოყვარულისთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო. ავტომობილი სუპერქარის იერსახითა და შესაშური წარმადობით, თან ევროპელ კონკურენტებთან შედარებით ხელმისაწვდომ ფასადაც კი. დაწყებული საბაზისო Stingray-დან, დასრულებული ჰიპერქარების კონკურენტი ZR1X-ით — ავტომწარმოებელი ყველა ტიპისა და გემოვნების მყიდველს სთავაზობს სასურველ მოდელს.
Grand Sport-ის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით ხმები დიდი ხანია დადის და როგორც ამბობენ, რეალობაც იმაზე ახლოსაა, ვიდრე წარმოგვედგინა. გასულ თვეში, ქუჩებში C8-ს შენიღბული პროტოტიპი შენიშნეს, რომლის საბურავების ცენტრალურმა ნაწილმა ბევრის გაოცება გამოიწვია. მასზე Corvette-ის ემბლემის ნაცვლად, Buick-ის კლასიკური Tri-Shield ლოგო იყო გამოსახული, დეტალი, რომელიც შესაძლოა Gran Sport-ის შტოზე მიგვანიშნებდეს.

GM Authority-ის და Corvette-ის დიდი ხნის ინსაიდერის, რიკ კონტის ანგარიშების თანახმად, Grand Sport-ის აღორძინების უკან ნამდვილი იმპულსი დგას. ამ შექმნილი აჟიოტაჟის ცენტრში კი GM-ის Small Block V8 ძრავის ახალი ვერსიაა. მის სახელწოდებაში კი, კომპანიამ შესაძლოა LS6 გამოიყენოს.
რას უნდა ველოდოთ? — როგორც ამბობენ, მომავალი ძრავა ორი მოცულობით, 5.7- და 5.8-ლიტრიანი ვერსიებით იქნება შემოთავაზებული. ცოტა ხნის წინ, აუდიოჩანაწერმაც კი გაჟონა, რომელშიც ძრავის ჟღერადობა ისმოდა. კარგი ამბები არც აქ მთავრდება. Grand Sport-ის ყველა მოდელში შესაძლოა ფართო კორპუსის ნაკრები ვიხილოთ, როგორიც E-Ray, Z06, ZR1 და ZR1X მოდელებზეა წარმოდგენილი.

გავრცელებულ ხმებს თუ დავუჯერებთ, Grand Sport-ი 2027 წლისთვის გამოვა. მოსალოდნელია, რომ ის Corvette-ის ხაზში ყველაზე დიდი წარმოებითაც გამოვა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა გაყიდვებით საბაზისო დონის Stingray-საც გადაასწროს. სავარაუდოდ, ამ მოდელის ღირებულება 85 000 აშშ დოლარიდან 100 000 აშშ დოლარამდე იქნება.