მსუბუქი ავტომობილები კვლავ საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო და საიმპორტო საქონელია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განახლებული მონაცემებით, 2025 წლის პირველ 11 თვეში, შესაბამისად იანვრიდან ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23 218.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 6 618.1 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 16 600.0 მლნ. აშშ დოლარია.
საინტერესოა, რომ 2025 წლის ნოემბრამდე მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილს, თითქმის 40%-იანი წილით, კვლავ მსუბუქი ავტომობილები იკავებს. საერთო ჯამში, მიმდინარე წელს საქართველოდან დაახლოებით 2.622 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილები გავიდა. აღნიშნული მონაცემი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.2%-ითაა გაზრდილი და ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
მსუბუქი ავტომობილები, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფიც იყო. კერძოდ, ამ პერიოდში, საქართველოში 3.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტის მსუბუქი ავტომობილები შემოვიდა და მთლიანი იმპორტის 21% შეადგინა. ეს კონკრეტული მონაცემი კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.8%-ითაა გაზრდილი.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიმდინარე წელს, საქართველოდან ყველაზე მეტი ავტომობილი ყაზახეთში გავიდა, მეორე ადგილზეა ყირგიზეთი და შემდეგ აზერბაიჯანი. ხოლო რაც შეეხება იმპორტს, ამ შემთხვევაში სამეულში ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და გერმანიას ვხვდებით.