ავტომაგისტრალებზე ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა
ქვეყნის მასშტაბით, ავტომაგისტრალებზე, ახალი საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. ახალი საგზაო ნიშნები სატრანსპორტო საშუალებების კატეგორიის მიხედვით დასაშვებ საშუალო სიჩქარეს ასახავს და ოფიციალური განცხადების თანახმად, მაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოებისა და მძღოლებისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების მიზნით დამონტაჟდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ნიშნებზე იმ სატრანსპორტო საშუალებათა კატეგორიებია მითითებული, რომელთათვისაც ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთებზე დასაშვები სიჩქარე არაუმეტეს 80 კმ/სთ-ს შეადგენს.
„აღნიშვნები ეხება შემდეგ კატეგორიებს: “C”, “CE”, “C1”, “C1E”, “D”, “DE”, “D1”, “D1E” - დიდი და საშუალო სატვირთო ავტომობილები, მისაბმელიანი სატვირთოები, დიდი ავტობუსები, მინიავტობუსები და მისაბმელიანი ავტობუსები“,- წერია განცხადებაში.
ნიშნები სატრანსპორტო კვანძების გამომსვლელებთანაა განთავსებული, რათა მძღოლებმა, მოძრაობის პირობების შესახებ ინფორმაცია, ავტომაგისტრალზე შესვლამდე წინასწარ და თვალსაჩინოდ მიიღონ. ცნობისთვის, ეს შეზღუდვები ახალი არაა, განსაზღვრულია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-7 ნაწილის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მოქმედებს 2013 წლიდან.
ამასთან ერთად, მიმდინარე წლის 22 დეკემბრიდან შსს იწყებს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას.