ტექნოლოგიურ რბოლაში ჩინეთი კვლავ პირველია | ინოვაცია, რომელიც EV-ების მომავალს სამუდამოდ შეცვლის
ელექტრომობილებში მყარსხეულიანი ბატარეების უპირატესობაზე წარსულშიც ხშირად დაგვიწერია. ამჯერად, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩინეთმა გადადგა, რომელმაც ნახევრად მყარსხეულიანი მდგომარეობის ბატარეის მქონე პირველი, მასობრივი ბაზრისთვის გათვლილი ავტომობილი წარადგინა.
რაც უფრო მეტად გასაკვირია არის ის, რომ ჩინელებმა პირველად ეს ტექნოლოგია არა ექვსნიშნა ღირებულების მდიდრულ ელექტრომობილში, არამედ მოკრძალებულ ჰეჩბეკში, MG4-ში გამოიყენეს — მოდელში, რომელიც ყოველდღიური მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
MG4, როგორც ბრენდის პირველი ჭეშმარიტად გლობალური მოდელი, SAIC-ის საკუთრებაში არსებულმა MG-მა 2025 წლის დასაწყისში წარადგინა. ავტომობილი ჩინეთის, აზიის სხვა ქვეყნებისა და ევროპის ბაზრისთვისაა განკუთვნილი.

2025 წლის მოდელი 2022 წლის სადებიუტო მოდელისგან განსხვავებით მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. ამის მიზეზი ჩინეთში დაბალი მოთხოვნა გახდა, რამაც MG-ის დაუყოვნებლივი ქმედებისკენ უბიძგა. განახლებული მოდელის მთავარი მახასიათებელი კი ახალი Anxin Edition-ია, რომელიც ნახევარ მყარსხეულიან ბატარეას იყენებს. ბატარეებს ავტომწარმოებელს SAIC-ის პარტნიორი QingTao Energy აწვდის.
მყარი მდგომარეობის აკუმულატორებს ბევრი კომპანია ელექტრომობილების მომავლად მიიჩნევს, რომელსაც მრავალი არსებული პრობლემის გადაჭრა შეუძლია. ადვილი გასაგებია, რომ ელექტრომობილებში მსგავსი ტიპის მიდგომა უზრუნველყოფს უფრო დიდ დიაპაზონს, სწრაფ დამუხტვას და, ამავდროულად, ავტომობილის სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას. ამისათვის, ლითიუმ-იონურ აკუმულატორებში არსებული თხევადი ელექტროლიტების ნაცვლად, მყარი ელექტროლიტები გამოიყენება.

ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ MG4 ოფიციალურად პირველი კომპაქტური, მასობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი ელექტრომობილია, რომელიც ამ ტექნოლოგიას ეფუძნება. 53.95 კვტ/სთ-იანი აკუმულატორი MG4 Anxin Edition-ი ერთი დამუხტვით 530 კილომეტრს გადის და 30-დან 80%-მდე სულ რაღაც 21 წუთში იმუხტება. სიმძლავრე 120 კვტ-ის ძრავიდან მოდის, რომელიც მაქსიმალურ სიჩქარეს 1 690 კმ/სთ-ზე ავითარებს.
ჩინეთში Anxin Edition-ის ღირებულება დაახლოებით 14 200 აშშ დოლარია, ხოლო სტანდარტული MG40-ების ფასი 10 000 აშშ დოლარიდან იწყება.