ავარია, ელექტრომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ 3
Aa
Aa

Tesla-ს 15-ვე ფატალური ავარია ერთი და იმავე პრობლემას უკავშირდება | უახლესი გამოძიების შედეგები

საჯარო გზებზე ელექტრომობილების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება. განსაკუთრებით კი, ეს თემა EV-ების ამერიკულ მწარმოებელ Tesla-ს ეხება და მისი ელექტრომობილების კარების გაღების სისტემას, რომლის მიზეზითაც, ბოლო პერიოდში, ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევების რამდენიმე მაგალითი ვიხილეთ.

მიმდინარე გამოძიებები Tesla-ს ელექტრონულ კარის სახელურებსა და დიზაინის მახასიათებლებზეა ფოკუსირებული, რომელიც მას შემდეგ რამდენიმე სხვა ავტომწარმოებელმაც გამოიყენა. ეს კი, ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის შეშფოთების მიზეზი ხდება და ფატალური შემთხვევების გაზრდის ალბათობასაც აჩენს.

კარის სახელურებზე დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, Bloomberg-მა დაადგინა, რომ ბოლო ათწლეულში ამ თემას სულ მცირე 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული ფატალური ინციდენტებისას, რომლებიც Tesla-ს ელექტრომობილების მონაწილეობით მოხდა, ფაქტორად, რომელმაც მგზავრებს მანქანის დატოვებაში ხელი შეუშალა, ჩაკეტილი ან გაუმართავი კარები დასახელდა.

საინტერესოა, ისიც, რომ ფატალური შემთხვევების ნახევარზე მეტი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს წარსულის პრობლემა არაა და პირიქით, მომავალში შესაძლოა თავი უფრო მეტადაც იჩინოს.

Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად, არ არსებობს საჯაროდ დაცული ფედერალური მონაცემთა ბაზა, რომელიც ელექტრონული კარის სახელურების გაუმართაობასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობის რაოდენობას წარმოადგენს. შესაბამისად, დასკვნები შესაძლოა საბოლოო არც იყოს.

საინტერესოა ისიც, რომ Bloomberg-ის გამოძიებით, თხუთმეტივე შემთხვევაში არაფუნქციური კარის სახელურები მოხსენიებული იყო, როგორც ხელშემშლელი ფაქტორი — ერთი მხრივ, მგზავრებისთვის, რომ კარი შიგნიდან გაეღოთ და ასევე, ადგილზე მისული დამხმარე ეკიპაჟისთვის ან უბრალოდ გარე პირისთვის.

ერთ-ერთი ასეთი ინციდენტი ვირჯინიაში მოხდა, რომლის დროსაც Tesla Model 3 ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. საპატრულო მანქანიდან გადაღებული კადრები აჩვენებს, რომ სამართალდამცველებმა Model 3-ის კარის გაღება ვერ შეძლეს და მძღოლი ფანჯრიდან გამოიყვანეს. ასევე არსებობს გასულ წელს ვისკონსინში მომხდარი ფატალური ინციდენტის აუდიოჩანაწერები, რომელშიც მგზავრი გარკვევით ამბობს, რომ ავტომობილში გაიჭედა.

კარგი ამბავია ის, რომ Tesla-მ ამ პრობლემის მოგვარება თავადვე დაიწყო. რთული სათქმელია რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი, თუმცა ელექტრომობილების მწარმოებელი კარის სახელურის სისტემას იკვლევს და იმედია, არსებული სიტუაციაც უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვნად გამოსწორდება.

 

მსგავსი სიახლეები