საბურავები, ტექნოლოგიები, Michelin, Consumer Electronics Show
Aa
Aa

Michelin-მა ჭკვიანი საბურავები შექმნა, რომლებიც ცვეთის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან

ფაქტს, რომ ავტომობილები დღითიდღე უფრო და უფრო ჭკვიანები ხდებიან, უკვე მივეჩვიეთ — როგორც აღმოჩნდა, ტენდენციას ფეხს საბურავებიც აუწყობენ... მომავალ თვეში გასამართ სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES), ლას-ვეგასში Michelin საბურავების ახალ ხაზს წარადგენს — ისინი არამხოლოდ იგორებენ, არამედ ფიქრითაც იქნებიან დაკავებული. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ეს ჭკვიანი საბურავები საკუთარი ცვეთისა და კონდიციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან. 

ახალ სისტემას, რომელიც Sonatus-თან პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა, შეუძლია გააანალიზოს ავტომობილის სიგნალები, როგორებიცაა მუხრუჭის ინტენსივობა, მანქანის ტვირთის წონა, მოხვევისას მოქმედი ძალები და სხვა დინამიკური პროცესები, რათა თქვენი ავტომობილის საბურავის „სიცოცხლის“ მონიტორინგი შეძლოს.

SmartWear სისტემას, საბურავების გიგანტის ვარაუდით, თავისუფლად შეუძლია მონიტორინგის ტრადიციული ტექნოლოგიების ჩანაცვლება, რაც 2030 წლისთვის ფირმას 1.68 მილიარდის დაზოგვაში დაეხმარება.

სად მიდის მონაცემები?

Michelin-ის ცნობით, სისტემა შესანიშნავად მუშაობს Sonatus Collector-ის ხელოვნურ ინტელექტთან ერთად და თანამედროვე ავტომობილების უმრავლესობაზე მისი დაპროგრამება ძალიან მარტივია. გარდა ამისა, საბურავების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია თავად ავტომობილშივე შეინახება და ღრუბლოვან საცავში არ გადამისამართდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობის საკითხითაა შეწუხებული.

CES-ზე ტექნოლოგიის უნივერსალურობის საჩვენებლად, Michelin-ი და Sonatus-ი მას 1970 წლის Ford Bronco-ზე გამოცდიან. დამსწრეები ბორბლების შესახებ ინფორმაციას კომპანიის აპლიკაცია MyTires-ის საშუალებით მიიღებენ. მსგავსი ტექნოლოგია 2021 წელს Pirelli-მაც შექმნა — ტრადიციულ მონიტორინგის სისტემებთან შედარებით, პირელის სისტემა გზის კონდიციის შესახებ ბევრად მეტ ინფორმაციას აგროვებდა, თუმცა ამან ბევრი პრობლემა შექმნა.

კომპანიის 37% ჩინურ Sinochem-ს ეკუთვნის, რამაც აშშ-ში Pirelli-ს დიდი პრობლემები შეუქმნა. 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, თუ აქამდე ჭკვიანი ტელეფონების, მანქანებისა და ტელევიზორების ეპოქაში ვცხოვრობდით, ახლა ჭკვიანი საბურავების ხანაში შევაბიჯებთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები