BMW iX3-ის გაყიდვები იმდენად მაღალია, რომ ახალ მყიდველებს მოცდა 2027 წლამდე მოუწევთ
თუ არსებობდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ელექტრო SUV-ები პოპულარულები ვერ გახდებოდნენ, BMW iX3-მა ყველა კრიტიკოსი გააჩუმა.
მეტიც, ელექტრო ქროსოვერი იმდენად კარგად იყიდება, რომ მშობლიურ გერმანიაში შიგაწვისძრავიანი X3-ის გაყიდვებსაც აჭარბებს. სექტემბერში IAA Mobility Show-ზე წარდგენის შემდეგ, მოთხოვნა ელექტრომობილზე იმდენად მაღალია, რომ წარმოების ტემპების კუთხით ავტომწარმოებელს საფიქრალიც კი გაუჩინა. 
BMW-ს იტალიის ოფისის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მასიმილიანო დი სილვესტრემ განაცხადა, რომ ევროპელი მომხმარებლების მხრიდან მომავალი მოთხვონა ამ მომენტშიც კი დაახლოებით სრულად ფარავს 2026 წლის საწარმოო გეგმას. ეს ნიშნავს, რომ მას, ვინც iX3-ის რიგში ჩადგომას ახლა აპირებს, 2027 წლამდე მოცდა მოუწევს.
წარმოება დაიწყება BMW-ს უახლეს დებრეცენის ქარხანაში, უნგრეთში, რომელიც სპეციალურად Neue Klasse-ს წარმომადგენელი ელექტრომობილებისთვის აშენდა. ქარხნის მაქსიმალური საწარმოო შესაძლებლობა 150 000 ერთეულია, რაც BMW-ს წარმოებას მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა როგორც ჩანს, ეს საკმარისი მაინც არ არის. 
გერმანულმა ავტომწარმოებელმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რიცხვი დაამრგვალა — 2013 წლის შემდეგ გამოშვებული ელექტრომობილების რიცხვმა 3 000 000-ს მიაღწია.
შეიძლება ითქვას, ტექნოლოგიური თვალსაზრისით iX3 BMW-სთვის დიდი ნახტომია. საბაზისო კომპლექტაცია, iX3 50 xDrive სრულად ამძრავია, სიმძლავრეს კი 2 ელექტროძრავისგან და 108.7 კვტ.სთ-იანი ბატარეიდან იღებს. დიდი ბატარეის დამსახურებით, ავტომობილს ერთი დამუხტვით 620 კმ-ის გავლა შეუძლია, რაც ამ კლასში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.
ავტომობილის ვრცელი და მინიმალისტური ინტერიერი Neue Klasse-ს იდენტობას შესანიშნავად აღწერს. განიერი, რკალისებული ეკრანი, რომელიც ციფრულ ინსტრუმენტთა პანელსა და ცენტრალურ მულტიმედიის მონიტორს აერთიანებს. რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია მძღოლის დამხმარე სისტემებიც (ავტომატური პარკირება, შეჯახების ამრიდი სისტემა და ა.შ).
ბაზარზე 2026 წლის ბოლო გამოჩნდება უფრო ბიუჯეტური ვერსიაც — iX3 40, რომელიც უკანა ამძრავი იქნება და უფრო მცირე ზომის ბატარეებით აღიჭურვება.
ერთი სიტყვით, iX3 კარგი მაგალითია იმისა, რომ ელექტრომობილები არსად წასვლას არ აპირებენ.