ელექტრომობილი, იუთუბერი, ჯენერალ მოტორსი, შევროლეტი, შევროლეტ სილვერადო
Aa
Aa

„პენსიაზე გასვლა მომინდა“ | მექანიკოსს Silverado-ს კაპოტქვეშ სრული კოშმარი დახვდა

ელექტრომობილების შეკეთება სტანდარტულ ავტომობილებთან შედარებით შესაძლოა გაცილებით რთული აღმოჩნდეს და შედარებით ძვირიც დაგიჯდეთ. ცნობილი ამერიკელი მექანიკოსი, რომელიც The Car Wizard-ის სახელითაა ცნობილი, სწორედ ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდა მაშინ, როდესაც შესაკეთებლად Chevrolet Silverado EV მიუყვანეს. ელექტრომობილი YouTube-არხ Hoovies Garage-ის კრეატორ ტაილერ ჰუვერს ეკუთვნოდა. ავტომობილისთვის კაპოტის ახდის შემდეგ კი, მექანიკოსმა ხუმრობით განაცხადა, რომ „პენსიაზე გასვლა მოუნდა“.

Chevrolet Silverado EV-ს კაპოტქვეშ მას ელექტროგაყვანილობის, გაგრილების სისტემებისა და სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტის რთული კონსტრუქცია დახვდა. The Car Wizard-ის თქმით, იმისათვის, რომ შესაკეთებლად დეტალებს მიდგომოდა, დიდი რაოდენობით მეტალის კონსტრუქციისა და დამჭერების მოხსნა იყო საჭირო, რაც პროცესს მნიშვნელოვნად ართულებდა.

Silverado-ს ელექტრომობილი GM-ის მიერ სპეციალურად ელექტრომობილებისთვის შექმნილ Ultium-ის პლატფორმაზეა აგებული. იმავე პლატფორმას სხვა ავტომობილები, მათ შორის GMC Hummer EV და Cadillac Escalade IQ იყენებენ. Silverado-ს წინა ნაწილში მაღალი ძაბვის კაბელებია განთავსებული, აქვეა გაგრილების სისტემა, კონდიცირებისთვის საჭირო კომპონენტები, ისევე როგორც სამუხრუჭე სისტემის დეტალები და, რა თქმა უნდა, 12-ვოლტიანი აკუმულატორიც. სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტომობილის შეფასებისას მექანიკოსმა თქვა, რომ ბევრი კომპონენტის შეცვლა ან შეკეთება, სავარაუდოდ, ძალიან ძვირი დაჯდებოდა.

„ამ ელექტრომობილის თითქმის ყველა დეტალი რამდენიმე ათასი დოლარი ღირს — $2 000, $5 000 ან $8 000-იც კი“, — აღნიშნა ვიდეოში The Car Wizard-მა.

ამ ყველაფერს კი სტანდარტულად ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თავისებურება დაემატა — ამ შემთხვევაში საუბარი EV-ების წონაზე გვაქვს. Silverado EV დაახლოებით 3.9-4.4 ტონას იწონის, რაც პრაქტიკულად The Car Wizard-ის სახელოსნოში არსებული ამწის მაქსიმალურ დატვირთვას უტოლდებოდა. ამის მიუხედავად, EV-ის აწევა საბოლოოდ მაინც შეძლეს, თუმცა მექანიკოსმაც აღიარა, რომ მსგავსი სიმძიმის პიკაპის ამწით გადაადგილება საფრთხის შემცველი იყო.

ვიდეოში ჰუვერმა და The Car Wizard-მა Silverado EV-ის კაპოტის ელექტრონული საკეტიც გამოსცადეს. თუმცა საკმაოდ უცნაური ექსპერიმენტი ჩაატარეს — თავი საფრთხეში არ ჩაიგდეს და ამისთვის სოსისები გამოიყენეს, რადგან მათი სტრუქტურა გარკვეულწილად ადამიანის თითებს ჰგავს. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ წინააღმდეგობის აღმოჩენისას, ელექტრული საკეტი ავტომატურად არ ჩერდებოდა და, პირიქით, დაწოლას განაგრძობდა. შედეგი კი ის იყო, რომ სოსისები მთლიანად დაიჭყლიტა, ხოლო საკეტის გახსნა მხოლოდ სპეციალური ავარიული მექანიკური ბერკეტით მოხერხდა.

მიუხედავად კრიტიკისა, მექანიკოსმა ავტომობილის კონსტრუქციის დადებითი მხარეებიც აღნიშნა. მათ შორის Silverado EV-ს დაკიდების სისტემა, დიდი ზომის მუხრუჭები და 200 კილოვატსაათზე მეტი სიმძლავრის ბატარეა. თუმცა The Car Wizard-ის აზრით, მისი წონა, კომპლექსური ელექტრონიკა და ძვირადღირებული კომპონენტები ამ მოდელის შეკეთებას მრავალი ავტოსახელოსნოსთვის სერიოზულ გამოწვევად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები