სიჩქარის გადაჭარბება, მერსედესი, მერსედეს ეიემჯი, მერსედეს ეიემჯი ა45
Aa
Aa

ყველაზე მარტივი გზა, რომ თქვენი Mercedes-AMG პატრულს უსახსოვროთ

საფრანგეთში სიჩქარის გადაჭარბებისთვის ძალიან მკაცრად დაისჯებით, თუმცა თუ პატრულს საკმარისად განარისხებთ, მხოლოდ მაღალი ფინანსური სანქციით ვერ გამოძვრებით. მარსელში მომხდარი ინციდენტის მონაწილე მძღოლი არა მხოლოდ მართვის მოწმობის, არამედ თავისი Mercedes-AMG A45-ის გარეშეც დარჩა და „მხოლოდ“ იმიტომ, რომ მანქანის მართვისას სიჩქარის დადგენილ ლიმიტს გადააჭარბა.

ინციდენტი სამშაბათს, გამთენიისას, მარსელის L2-ის შემოვლით გზაზე მოხდა. გზაზე დაყენებულმა რადარმა სპორტული ჰეჩბეკი 221 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს დააფიქსირა, მაშინ, როდესაც აღნიშნულ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე მხოლოდ 70 კმ/სთ-ს შეადგენდა. შედეგად, კანონდამრღვევმა მძღოლმა სიჩქარის დადგენილ ლიმიტს 151 კმ/სთ-ით გადააჭარბა.

ადგილზე მისულმა საგზაო პოლიციის თანამშრომლებმა ავტომობილი გააჩერეს, ხოლო მძღოლს მართვის ლიცენზია დაუყოვნებლივ შეუჩერეს. მოგვიანებით კი, მისი Mercedes-AMG A45 ევაკუატორით საჯარიმო სადგომზეც გადაიყვანეს.

ცნობისთვის, საფრანგეთის კანონმდებლობით, თუ მძღოლი დასაშვებ სიჩქარეს 50 კმ/სთ-ზე მეტით აჭარბებს, მას მაღალი ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისროს. დამატებით კი, შესაძლებელია მართვის მოწმობაზე ქულების დაკლებაც, მართვის უფლების შეჩერება და, გარკვეული დარღვევების შემთხვევაში, ავტომობილის კონფისკაციაც.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს თეთრი ფერის Mercedes-AMG A45, რომელსაც არაქარხნული უკანა მაშუქები უყენია, ფიქსირებული სპოილერი აქვს და უკანა დიფუზორის წითელი გამაფართოებელი უყენია. სტანდარტულ ვერსიაში გერმანული ჰეჩბეკი 2-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი. 2016 წლის განახლებული W176 თაობა 381 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო 2020 წელს წარმოდგენილი W177-ის ყველაზე მძლავრი ვერსია 421 ცხენის ძალას აღწევს. მოდიფიკაციები სრულამძრავია და ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფს იყენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ შემოვლითი გზა, რომელზეც ინციდენტი მოხდა, 3-ზოლიანი ავტომაგისტრალის ტიპის მონაკვეთია, ის აერთიანებს გვირაბებს, მკვეთრ მოსახვევებსა და შეზღუდული ხილვადობის ადგილებს. სწორედ ამის გამო, გზის ნაწილზე სიჩქარის ლიმიტი შედარებით დაბალია. სამართალდამცავების შეფასებით კი, მსგავსი კანონდარღვევები საფრთხეს უქმნის როგორც თავად მძღოლს, ასევე სხვა ავტომობილებში მყოფი პირების უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები