BMW-ში შესაძლოა Spider-Man-ის რეკლამა დაგხვდეთ | კრიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ
რაც უფრო თანამედროვე ხდება ავტოინდუსტრია, მით უფრო მეტად ხდებიან ავტომობილებიც დამოკიდებულნი პროგრამულ უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, რომ ავტომობილების მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყენებაც ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალური გახდა. ამ შემთხვევაში კი საუბარი BMW-ზე და „ადამიანი-ობობას“ ახალ ფილმზე გვაქვს, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღის წინ შედგა.
ასევე დაგაინტერესებთ: Marvel-მა Audi BMW-ით ჩაანაცვლა? | Spider-Man-ში iX3 და მეხუთე სერია გამოჩნდება

გერმანული ავტომწარმოებელი ფილმის ერთ-ერთი სპონსორიცაა და მისი ახალი მოდელები კინოთეატრის ეკრანებზეც გამოჩნდნენ. შესაბამისად, თუ ფილმში „მონაწილეობა“ ერთგვარი რეკლამაა BMW-ის iX3-სა და მეხუთე სერიისთვის, თავად „ადამიანი-ობობას“ რეკლამირებაში მთავარი როლი კვლავ ავტომობილებმა ითამაშეს. ამიტომაც, BMW-მ მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში თავსებადი ავტომობილების მფლობელებს ციფრულ პანელზე გასაშვებად Spider-Man: Brand New Day-ის სარეკლამო ანიმაცია გაუგზავნა.
რეკლამა ავტომობილის დაქოქვისას, ცენტრალურ დისპლეიზე ჩანს. სრული 19-წამიანი ანიმაციის სანახავად, ავტომობილის მძღოლმა შესაბამისი ბანერი უნდა აირჩიოს. ამის შემდეგ ეკრანზე სრულად გამოდის სარეკლამო ვიდეო, რომელსაც მუსიკა და სალონში განათების სინქრონიზებული ელემენტებიც ემატება.

თავად გერმანული კომპანია „ადამიანი-ობობას“ ფუნქციას არჩევით თემატურ კონტენტს უწოდებს, თუმცა ბევრი უკვე მის უარყოფით მხარეებზე საუბრობს. მაგალითად, კრიტიკოსები თვლიან, რომ ეს შეხსენებაა ავტომწარმოებლისგან, თუ რამდენად დიდი კონტროლი აქვთ მათ გაყიდული ავტომობილების პროგრამულ უზრუნველყოფაზეც კი. კრიტიკოსების შეფასებითვე, მსგავსი პრაქტიკა განსაკუთრებით პრემიუმ ხარისხის მყიდველებთან ურთიერთობაზე იმოქმედებს. მათი აღნიშვნით, მსგავსი მანქანების მფლობელები ელიან, რომ საკუთარ ავტომობილზე სრული კონტროლი ექნებათ და რეკლამებისგან თავისუფალ გარემოსაც მიიღებენ.
„ადამიანი-ობობას“ თემატიკასთან თავსებადი ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად კი იზრდება ალბათობაც, რომ ტექნოლოგიები, რომლებიც დღეს ძირითადად სასარგებლო პროგრამული განახლებებისთვის გამოიყენება, მომავალში საინფორმაციო-გასართობ სისტემებს სარეკლამო პლატფორმებადაც გადააქცევს. თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ფილმთან დაკავშირებული რეკლამის ავტომობილის დისპლეიზე გაშვება არჩევითია და არავინ არაფერს გავალდებულებთ. ხოლო კრიტიკოსები უბრალოდ მომავლის რისკებზე ამახვილებენ ყურადღებას.
თქვენ რას ფიქრობთ? გადაჭარბებულია კრიტიკოსების შეფასებები თუ მომავალში რეკლამებისგან თავს უკვე ავტომობილებშიც ვეღარ „დავიცავთ“?