ჰიბრიდი, კვლევა, შიგაწვის ძრავა, ელექტრომობილები, დამუხტვადი ჰიბრიდი
Aa
Aa

რომელი ტიპის ძრავის მქონე ავტომობილი კარგავს ღირებულებას ყველაზე სწრაფად?

ავტომობილის ღირებულება ვარდნას პრაქტიკულად ავტოსალონის დატოვების წამიდან იწყებს. თუმცა, რამდენად სწრაფად უფასურდება თქვენი მანქანა, უკვე არა მხოლოდ მარკასა და მოდელზე, არამედ ძრავის ტიპზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ უნდა შევამოწმოთ ავტომობილი შეძენისას?

ესპანეთში გამოყენებული მეორადი ავტომობილების შეფასებისა და საბაზრო ღირებულების განსაზღვრის დამოუკიდებელი სისტემის, GANVAM-DAT-ის, უახლესი მონაცემებით, ყველაზე მეტად თავიანთ საწყის ღირებულებას სტანდარტული (და არა დამმუხტვადი (plug-in)) ჰიბრიდები ინარჩუნებენ. ხოლო ყველაზე სწრაფად ფასს სრულად ელექტრომობილები კარგავენ.

GANVAM-DAT-ის კვლევა სამი წლის ასაკის ავტომობილებს ეფუძნება და აჩვენებს, თუ რამდენად ინარჩუნებენ ისინი ღირებულებას საწყისი ნიშნულიდან. შედეგები კი ძრავის ტიპების მიხედვითაა გადანაწილებული, შესაბამისად: სტანდარტული (არა დამმუხტვადი) ჰიბრიდები, ბენზინის ძრავაზე მომუშავე ავტომობილები, დამმუხტვადი (plug-in) ჰიბრიდები, დიზელი და ელექტრომობილები.

GANVAM-DAT-ის მონაცემებით, სტანდარტული ჰიბრიდები თავის საწყის ღირებულებას პირველი სამი წლის შემდეგ 65%-ით ინარჩუნებენ, ბენზინზე მომუშავე ავტომობილები — 57%-ით, დამმუხტვადი ჰიბრიდები — დაახლოებით 55%-ით, დიზელის ძრავით აღჭურვილი მოდელები — 54%-ით, ხოლო ელექტრომობილები — 46%-ით. აქვე აღსანიშნავია, რომ კონკრეტულად ეს კვლევა ესპანეთის მეორადი ავტომობილების ბაზარზეა ორიენტირებული, თუმცა გლობალური სურათიც იმავე შედეგებს გვაძლევს.

კერძოდ, საერთაშორისო ბაზრის ანალიზიც, რომელიც 5 წლის ასაკის ავტომობილების კვლევას ეფუძნება, აჩვენებს, რომ ამ პერიოდში ყველაზე სტაბილურად ღირებულებას სტანდარტული ჰიბრიდები ინარჩუნებენ, მაშინ როდესაც ელექტრომობილები ყველაზე სწრაფად უფასურდებიან. შედეგად, მონაცემები ცხადყოფს, რომ ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის მიუხედავად, ეს მოცემულობა ჯერ არ იცვლება.

ელექტრომობილების თავდაპირველი ღირებულების ვარდნის მიზეზად დარგის ექსპერტები რამდენიმე ძირითად ფაქტორს ასახელებენ. მათ შორისაა ის, რომ ტექნოლოგია ძალიან სწრაფად ვითარდება, ახალი ავტომობილების ფასები იზრდება და მეორად ბაზარზე მიწოდებაც იზრდება.

ჰიბრიდებმა კი, მარტივად რომ ვთქვათ, ეს გზა უკვე გაიარეს. თუ რამდენიმე წლის წინ ჰიბრიდების ღირებულებაც ელექტრომობილების მსგავსი ტემპით იკლებდა, ტექნოლოგიის დახვეწისა და მომხმარებელთა მხრიდან ნდობის ზრდის პარალელურად ეს მოცემულობაც შეიცვალა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსგავს შედეგებს ელექტრომობილების შემთხვევაშიც მივიღებთ. საერთო სურათი კი, რომელსაც 5-წლიან პერიოდში ვიღებთ, ასეთია:

ჰიბრიდები — თავიანთი ღირებულების 64.6%-ს ინარჩუნებენ.

ელექტრომობილები — 58.2%-ს.

ყველა სხვა ტიპის ავტომობილი კი — 58.2%-ს.

მსგავსი სიახლეები