ამერიკელმა ქალმა VW-ს უჩივლა და 3500$ მიიღო, ხოლო ადვოკატებმა — 2 მილიონი...
ერთ (არც ისე) მშვენიერ დღეს, ჯული კიმბალის 2010 წლის Audi A4-ის ტურბოკომპრესორი მწყობრიდან გამოვიდა და მის შესაცვლელად ამერიკელ ქალს 3000$-ის გადახდა მოუწია. გარანტიის ვადა დიდი ხნის წინ იყო გასული, თუმცა კიმბალმა გადაწყვიტა, Volkswagen-ისთვის მაინც ეჩივლა და ემტკიცებინა, რომ პრობლემა ქარხნული დეფექტი იყო.
ალბათ, ქალი ვერასდროს იფიქრებდა, რომ სამწლიანი დავის შემდეგ, სასამართლოს 3500$-ით დატოვებდა... კიმბალმა ავტომობილი სალონში იყიდა და ტურბოს პრობლემა 63 000 მილის გავლის შემდეგ დააფიქსირა — ამ დროისთვის აუდის შეძენიდან, დაახლოებით, 10 წელი იყო გასული. მისი სარჩელის უდიდესი ნაწილი სასამართლომ 2023 წელს უარყო, თუმცა საშუალება მაინც მისცა, შესწორებები შეეტანა და საჩივარი თავიდან დაერეგისტრირებინა. საბოლოოდ, მრავალთაგან ერთ-ერთი სარჩელი დაკმაყოფილდა, თუმცა ისე არა, როგორც მოსარჩელე ელოდა.
გერმანულ ავტომწარმოებელს არ მოუწევს დამარცხების ან შეცდომის აღიარება, ისევე როგორც ჯული კიმბალისთვის მილიონების გადახდა — სასამართლოს გადაწყვეტილებით, Volkswagen მხოლოდ მოსარჩელის ადვოკატებს გადაუხდის 1.95 მილიონ დოლარს და თავად დაზარალებულს 3500$-ით დაკმაყოფილება მოუწევს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, გახანგრძლივდება გარანტიის ვადა VW-სა და Audi-ს ათეულობით მოდელზე, ადრეული GTI-ებიდან და Passat-ებიდან შედარებით ახალ Atlas-ებამდე და Arteon-ებამდე. ამ ავტომობილების ნაწილი უკვე 16 წლისაა, შესაბამისად, აღნიშნული ბენეფიტით სარგებლობისთვის, კონკრეტულ მოთხოვნებს უნდა ერგებოდეს მათ მიერ გავლილი დისტანცია, სერვისის ჩანაწერები და ტურბოკომპრესორის გაფუჭების მიზეზი... ასეთ შემთხვევაშიც, Volkswagen მხოლოდ დანახარჯების მაქსიმუმ 50%-ს აანაზღაურებს.
შესაბამისად, შესაძლოა ჯული კიმბალმა საკუთარ თავს დიდი ვერაფერი საქმე გაუკეთა, თუმცა ათასობით სხვა მძღოლს ავტომობილის მომსახურების ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირა.