ელექტრომობილები, ტექნოლოგიები, მყარსხეულიანი ბატარეა, Consumer Electronics Show, Donut Lab
Aa
Aa

ფინურმა კომპანიამ CES-ზე პირველი მყარსხეულიანი ბატარეა წარადგინა

CES-ზე (Consumer Electronics Show) ფინურმა კომპანიამ, Donut Lab-მა წარადგინა მყარსხეულიანი ბატარეა, რომელიც, მათი მტკიცებით, პირველი სრულად მყარსხეულიანი ბატარეაა, რომლის გამოყენებაც სატრანსპორტო საშუალებების წარმოებაში შესაძლებელია. თუ ეს მართლაც ასეა, შესაძლოა, ელექტრომობილების ინდუსტრიის წყალგამყოფი წერტილის მომსწრეები გავხდით. 

მყარსხეულიანი ბატარეების არაერთი სხვა პროექტისგან განსხვავებით, რომელთაც ლაბორატორიების დატოვება ჯერჯერობით ვერ შეძლეს, 2026 წლის პირველ კვარტალში Donut Lab-ის მყარსხეულიანი ბატარეებით Verge-ის მოტოციკლები აღიჭურვებიან.


წლების განმავლობაში მყარსხეულიანი ბატარეები ელექტრომობილების სამყაროს წმინდა გრაალად მიიჩნეოდა — უსაფრთხო, მსუბუქი, უფრო სწრაფად დამუხტვადი და ბევრად უფრო გამძლე ტექნოლოგია, ვიდრე ლითიუმ-იონური ბატარეაა. მიუხედავად გიგანტების მცდელობებისა, როგორც ჩანს, მყარსხეულიანი ბატარეის პროდუქტად გარდაქმნა შედარებით მოკრძალებულმა კომპანიამ შეძლო.

„მყარსეულიანი ბატარეების შესახებ მუდამ გვესმოდა, რომ მათ რამდენიმე წელიწადში ვიხილავდით. ჩვენი პასუხი განსხვავებულია — ის დღეს მზადაა“, — განაცხადა Donut Lab-ის CEO-მ, მარკო ლეჰტიმაკიმ.

კომპანიის განცხადებით, ესტონური Verge Motorcycles-ის ორი მოდელი, TS Pro და Ultra პირველი სერიული წარმოების მოტოციკლები იქნებიან, რომლებიც აღნიშნულ ტექნოლოგიას საავტომობილო გზებზე გაიტანენ. 

პერფორმანსი, რომელიც მოლოდინებს აჭარბებს

ქაღალდზე, ბატარეის მონაცემები შთამბეჭდავია. ბატარეის ენერგიის სიმჭიდროვე 400 ვტ.სთ/კგ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად შემცირებული წონის ხარჯზე ერთი დამუხტვით გავლად მანძილს ძალიან ზრდის. ასევე, ბატარეის სრულად დამუხტვა, სულ რაღაც, 5 წუთშია შესაძლებელი (და ამ შემთხვევაში, პრობლემას არც 80%-ზე მეტად დამუხტვა წარმოადგენს). 

აღსანიშნავია ბატარეის სიცოცხლისუნარიანობაც. Donut Lab-ის მტკიცებით, ბატარეა 100 000 დამუხტვა-განმუხტვის ციკლს უძლებს სიცოცხლის კარგვის გარეშე — ეს ლითიუმ-იონურ ტექნოლოგიასთან შედარებით, გიგანტური ნახტომია. 

პირველი, რაც ასეთ დროს თავში მოგვდის, ალბათ, უსაფრთხოებაა. მყარსხეულიანი ბატარეა ამ კუთხითაც გამორჩეულია — ის არ შეიცავს აალებად თხევად ელექტროლიტებს, რაც დენდრიტების ჩამოყალიბებასა და ჯაჭვურ რეაქციებს, რაც აალებას იწვევს, გამორიცხავს. ტექნოლოგია გამოიცადა ექსტრემალურ პირობებშიც და დადასტურდა, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობის ტემპერატურული დიაპაზონიც საკმაოდ ვრცელია — ბატარეა უპრობლემოდ უძლებს –30°C-დან 100°C-მდე ტემპერატურას. 



კომპანიის მტკიცებით, ბატარეის შესაქმნელად გამოიყენება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც მსოფლიოში ჭარბად მოიპოვება და დეფიციტისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის საფრთხე არ არსებობს — წარმოება კი გამართული ჯაჭვის შემთხვევაში, ლითიუმ-იონური ბატარეების წარმოებაზე იაფიც კი იქნება. 

თუ მთელი ეს პრეზენტაცია და მტკიცებები სიმართლეს შეესაბამება, ავტომობილების ინდუსტრიაში დიდი რყევებია მოსალოდნელი.

მსგავსი სიახლეები