მერსედესი A-Class-ის წარმოებას 2028 წლამდე გააგრძელებს | საწარმოო ხაზი უნგრეთში გადაინაცვლებს
Mercedes-ში გადაწყვიტეს, რომ A-Class-ის „სიკვდილის“ დრო ჯერ არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ მოდელის მემკვიდრეზე კომპანია აქტიურად მუშაობს, გადაწყდა, რომ წარმოებაში არსებული ვერსიაც დარჩეს — შესაბამისად, მოდელის წარმოების შეწყვეტის თავდაპირველმა თარიღმა, 2025 წლის ბოლომ, 2028 წლამდე გადაიწია.

თუმცა, ცვლილებები მაინც იქნება — A კლასის წარმოების ხაზი გერმანიიდან სამხრეთით, უნგრეთში გადაინაცვლებს, სადაც ბუდაპეშტთან ახლოს, კეჩკემეტის ქარხანაში გაგრძელდება. პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილებას ფინანსური საფუძველი აქვს — შრომის უფრო დაბალი ღირებულება და ოპერაციული ხარჯების სიმცირე A-Class-ის საწარმოებლად უნგრეთს უფრო მიმზიდველ ადგილად აქცევს — განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მერსედესი ცდილობს, მოდელი კვლავ ყველაზე ხელმისაწვდომ ვარიანტად დატოვოს და ფასი არ გაზარდოს.

უნგრეთში მდებარე ქარხანა 2026 წლის მეორე კვარტალში ამუშავდება და წლიურად 300 000-დან 400 000-მდე მანქანას გამოუშვებს. Mercedes ამჟამად ხარჯების მკვეთრად შემცირებაზე მუშაობს, რაც ევროპულ ბაზარზე ჩინური ბრენდების შემოსვლითაა განპირობებული.
A-Class-ის ამჟამინდელი ვარიანტის წარმოება 2018 წელს დაიწყო და, როგორც ჩანს, მემკვიდრით 10 წლის თავზე ჩანაცვლდება. ახალი თაობის მოდელი MMA პლატფორმას დაეფუძნება, არქიტექტურას, რომელსაც ახალი CLA იყენებს. ეს გერმანულ ავტომწარმოებელს საშუალებას მისცემს, რომ A კლასი როგორც სრულად ელექტრო, ისე შიგაწვისძრავიანი ვერსიების სახით გაყიდოს.


კომპაქტური მოდელის წარმოების უნგრეთში გადატანას სხვა მიზეზიც აქვს — მერსედესი ცდილობს, საწარმოო სივრცეები გამოათავისუფლოს რაშტატის ქარხანაში, სადაც MMA პლატფორმის ახალი მოდელები იწარმოება. უნგრეთში გაფართოების შედეგად, კომპანიას 3000 ახალი თანამშრომელი დაემატება, რაც მიანიშნებს, რომ უძველესი ავტომწარმოებელი ევროპული ბაზრის იოლად დათმობას სულაც არ აპირებს.