Shelby-მ 2026 წლის Super Snake წარადგინა
Shelby-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი ფლაგმანი Super Snake ბრუნდება და 830 ცხენის ძალა ექნება. ბრენდი მაქსიმუმ 300 ერთეულს გამოუშვებს, რომელთა ფასიც 175 885 დოლარი იქნება. მყიდველები 3 წლიან სრულ გარანტიასაც მიიღებენ.
ახალი Super Snake-ის ფასი ყველაზე ძვირიანი სტანდარტული Mustang-ის, 500 ცხ.ძ-იანი Dark Horse Premium-ისაზე ბევრად მეტია (ეს უკანასკნელი 69 000 დოლარი ღირს), თუმცა 815-ცხენისძალიან Mustang GTD-ზე, რომელიც დამატებითი ოფციების გარეშე 327 960 დოლარი ღირს, თითქმის ორჯერ იაფია. 

დაინტერესებულ მყიდველებს შეეძლებათ, არჩევანი მექანიკურ და ავტომატურ გადაცემათა კოლოფებს შორის გააკეთონ. ასევე, შესაძლებელია მოდელის ტურბოჩაბერვის კომპრესორის გარეშე შეძენაც — ასეთ შემთხვევაში, სიმძლავრე, ცხადია, 480 ცხ.ძ-მდე შემცირდება, თუმცა სხვა არაერთი ბენეფიტი შენარჩუნდება. კერძოდ, ალუმინისგან და ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული, უფრო მსუბუქი ძარას პანელები, მაგნიუმის დისკები, გაუმჯობესებული გაგრილება, მიმჭერი ძალის გასაზრდელად დამატებული აეროდინამიკული დეტალები და ამ ყველაფრის შესაბამისი დაკიდების სისტემაც, რათა ჩამოთვლილი სიკეთეების გამოყენებას სრულად იყოს შესაძლებელი.

კოსმეტიკური სიახლეები შეეხო ავტომობილის სალონსაც. ნაქარგი ხალიჩები, Super Snake-ის სიმბოლიკით გაფორმებული კარის ზღურბლის ზესადები და სიჩქარეთა გადამრთველი, სერიული დაფა ინსტრუმენტების პანელზე, რომელიც ძრავაზე განლაგებულს შეესაბამება და ა.შ.
„წლების განმავლობაში, Shelby Super Snake განვითარდა, თუმცა შეინარჩუნა თავისი კონკურენტული ხასიათი. ამ ავტომობილის ყველა ასპექტი მოდიფიცირებული და გაუმჯობესებულია. Shelby Super Snake ჩვენს ფლაგმანად და ამასთანავე, ჩვენს ისტორიაში Ford Mustang-ზე დაფუძნებულ ერთ-ერთ ყველაზე ძველ მოდელად იქცა" — განაცხადა Shelby American-ის პრეზიდენტმა, გარი პატერსონმა.
მასლქარის ოფიციალური დებიუტი სკოტსდეილში, არიზონაში მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება.