პორშე 911, რენო, შეზღუდული გამოშვების მოდელი, რენო ალპინი ჯითიეი ტურბო
Aa
Aa

Renault-ს ფრანგული 911-ის შტატებში ლეგალიზება $30 მილიონი დაუჯდა | თუმცა მხოლოდ 12 ცალი ააწყო

მაშინ, როდესაც იშვიათ სპორტულ ავტომობილებზე იწყებთ ფიქრს, ალბათ, პირველ რიგში Bugatti გახსენდებათ. ეს ლოგიკურიცაა, რადგან Veyron-ი მხოლოდ 450 ერთეულად, ხოლო Chiron-ი 600 ეგზემპლარად იწარმოა. თუმცა, წესით ცოტას თუ სმენია რამე ამ წარმოუდგენლად იშვიათი Renault-ის მოდელის შესახებ, რომელიც კომპანიას საკმაოდ ძვირიც დაუჯდა.

ეს სპორტქარი უკანაძრავიანი Alpine GTA Turbo გახლავთ, კლასიკური Porsche 911-ის მკაფიოდ ფრანგული ვერსია, რომელიც 1984 წლიდან 1991 წლამდე შეზღუდული რაოდენობით გამოდიოდა. კონკრეტულად აშშ-ის ბაზრისთვის კი, Renault-მა ათეულობით, 2+2 სტილის ადგილიანი ავტომობილის წარმოება დაგეგმა, რადგან ფედერალურ კანონმდებლობასთან თავისი მოდელების შესაბამისობაში მოყვანა, ძვირი უჯდებოდა.

Automobile Magazine-ის მიერ 1987 წელს გამოქვეყნებული ინფორმაციით, Alpine GTA Turbo-ს ამერიკულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა Renault-ს $30 მილიონის ეკვივალენტი დაუჯდა. ეს თითო მანქანაზე დაახლოებით $2.5 მილიონია.

ამერიკული უსაფრთხოებისა და გამონაბოლქვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, თითოეულ ავტომობილს განახლებების რიგი სერია დასჭირდა. მხოლოდ გამონაბოლქვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, ავტომობილის გამომუშავება 20 ცხენის ძალით შემცირდა. სხვა განახლებები მოიცავდა ამოსაწევი მაშუქების დამატებას, ABS-ს, გაუმჯობესებულ გაგრილების სისტემებსა და კონდიციონერს.

ამ ყველაფრის გავლენით, რა თქმა უნდა, გაიზარდა ავტომობილის წონაც. ეს შესაძლოა ნაკლოვანებად ჩათვალოთ, თუმცა  Alpine-ის შემთხვევაში, რეალურად, წონის განაწილება 36/64-დან 38/62-მდე გაუმჯობესდა. როგორც Automobile Magazine მაშინ წერდა, „Alpine უფრო მართვადი და თავდაჯერებული გახდა, ვიდრე ნებისმიერი 911“.

იმ წელს, როდესაც კომპანიამ ამერიკულ Alpine-ებზე მუშაობა საბოლოოდ დაასრულა, Renault-ის ამერიკელი პარტნიორი Chrysler-მა შეიძინა. ამ უკანასკნელს კი, Maserati-ს TC-ის სახით, მდიდრული იმპორტირებული მოდელი უკვე ჰყავდა. გამოვიდა, რომ ის თანხა, რომელიც GTA Turbo-ს ამერიკულ სტანდარტებთან მოყვანაში დაიხარჯა, Renault-მა უბრალოდ წყალში გადაყარა. ხოლო ჩვენ, ფრანგული 911-ის მხოლოდ 12 ეგზემპლარი შემოგვრჩა.

ერთ-ერთ მათგანს თქვენ ახლა ფოტოზე ხედავთ. ეს მოდელი 1988 წლით თარიღდება, თუმცა გარბენი მxოლოდ 40 000-მდე კილომეტრით შემოიფარგლება. Renault-ში V6 ძრავა დგას, რომელიც 220 ცხენის ძალას და 280 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს, სიმძლავრეს კი, 5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით, უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

 

მსგავსი სიახლეები