აუქციონი, იშვიათი ავტომობილები, ბიემვი, ბიემვი მეშვიდე სერია, ბიემვი ელ7
Aa
Aa

ნამდვილი ნოსტალგია: უიშვიათესი BMW L7 გასაყიდად გამოჩნდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასაყიდად გამოჩნდა უიშვიათესი, 1999 წლის BMW L7 — ელეგანტური სტილის მოდელი, გერმანული ავტომწარმოებლისთვის დამახასიათებელი უამრავი ვინტაჟური დეტალით, რომელიც ავტომოყვარულებში ნოსტალგიურ განწყობას აღძრავს.

BMW E38, რომელსაც მეშვიდე სერიის სახელით იცნობდნენ, 1994-დან 2001 წლამდე იწარმოებოდა. 1997 წელს კი L7 გამოჩნდა, რომელიც იმ დროს გერმანელთა საწარმოო ხაზისთვის და, უშუალოდ, მეშვიდე სერიისთვისაც შთამბეჭდავი შენამატი იყო. 2001 წლამდე ავტომწარმოებელმა L7-ის მხოლოდ 899 ეგზემპლარი გამოუშვა და ერთ-ერთი მათგანი, ცოტა ხნის წინ, Bring a Trailer-ის აუქციონზე გაიტანეს.

მართალია, BMW-ს მდიდრული მოდელები ცნობილია, მაგრამ მისი ჩვეული მაღალი სტანდარტებითაც კი L7 მაინც განსაკუთრებული იყო. მეშვიდე სერიის iL-მოდელებთან შედარებით, L7-ს უფრო გრძელი თვლების ბაზა ჰქონდა, რაც სალონში დიდ სივრცეს უზრუნველყოფდა.

Bring a Trailer-ზე გასაყიდად განთავსებული მოდელი Alpina-ს 20-ინჩიან დისკებზე დგას და ქარხნული 5.4-ლიტრიანი M73 V12 ძრავითაა აღჭურვილი. შედეგად, გერმანული მოდელი 326 ცხენის ძალას და 490-მდე ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 30 წლისაა, BMW L7 შესანიშნავ მდგომარეობაშია და 90 000 კილომეტრზე ოდნავ მეტი აქვს დაფარული. როგორც Bring a Trailer-დან ვიგებთ, მფლობელმა გასულ წელს სავარძლები განაახლა, ასევე შეცვალა მუხრუჭები და სამუხრუჭე მილები.

სოციალურ ქსელში განთავსებისთანავე BMW-მ ავტომოყვარულთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. როგორც ცნობილია, L7-ის ამჟამინდელმა მფლობელმა რამდენიმე ათეული შეთავაზება უკვე მიიღო და, სავარაუდოდ, მოდელის ღირებულება $70 000-ს გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები