ევროკავშირი, რეგულაციები, გამონაბოლქვი, ბიემვი, როლს-როისი
Aa
Aa

BMW დიდ ძრავებზე უარის თქმას არ აპირებს | რა გეგმა აქვს ავტომწარმოებელს?

გამონაბოლქვზე დაწესებული რეგულაციები დიდი მოცულობის ძრავებისა და მათი მოყვარული ენთუზიასტებისთვის „აქილევსის ქუსლია“. განსაკუთრებით რთული ვითარება კი ევროპის ბაზარზეა, სადაც Euro 7-ის რეგულაციები ავტომწარმოებლებისთვის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა.

თუმცა გერმანულ ავტომწარმოებელს, BMW-ს, უკვე აქვს გეგმა, რომელიც მას დიდი ძრავების გადარჩენის საშუალებას მისცემს — მათ შორის, ათწლეულის ბოლოდან Euro 7-ის რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგაც. ამის შესახებ „Autocar“-თან ინტერვიუში BMW-ს ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა, იოახიმ პოსტმა, ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი თაობის ძრავები პირველივე დღიდან შედარებით მკაცრი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნება.

შედეგად მივიღებთ არა მხოლოდ ერთრიგა 6-ცილინდრიანებს, არამედ V8 და V12 ძრავებსაც, რომლებიც სპეციალურად Rolls-Royce-ის ბრენდისთვის იწარმოება. ცნობისთვის, BMW-მ 12-ცილინდრიანების წარმოება 2022 წელს, M760i-ის ბოლო ვერსიის გამოშვებასთან ერთად, შეწყვიტა.

„გამონაბოლქვი სისტემის ოპტიმიზაციით — კატალიზატორების მსგავსი რაღაცებით — ჩვენ შეგვიძლია Euro 7-ის რეგულაციები დავაკმაყოფილოთ. შესაბამისად, ეს ცვლილებები ჩვენთვის მაღალხარჯიანი არ იქნება, რაც გარკვეულ უპირატესობასაც გვაძლევს“, — განაცხადა პოსტმა.

საინტერესოა ისიც, რომ პოსტის ინფორმაციით, BMW-ს მომდევნო თაობაც V12 ძრავებით იქნება აღჭურვილი. ამ განცხადების მიუხედავადაც, ბუნდოვანია, ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი მხოლოდ Rolls-Royce-ის ავტომობილებს გულისხმობდა თუ BMW-ს ძირითადი ხაზის სხვა მოდელებსაც. მაგრამ, თუ ოდესმე BMW 6.75-ლიტრიან ტვინ-ტურბო V12-ს Rolls-Royce-ის გარდა სხვა მოდელებზეც გამოიყენებს, ის, ალბათ, BMW Alpina-ს ქვეშ წარმოებული ხაზისთვის იქნება შესაფერისი.

როგორც იცით, 2026 წლიდან BMW-მ თავის დიდხნიან პარტნიორზე უკვე სრული კონტროლი აიღო. BMW Alpina მაქსიმალური შესრულებისა და უმაღლესი ხარისხის მგზავრობის კომფორტის კომბინაციის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი. ამასთან ერთად კი, რა თქმა უნდა, მძღოლებს Alpina-ს მართვისთვის დამახასიათებელ გამოცდილებასაც შესთავაზებს.

თუმცა ჯერ არაფერია დადასტურებული და ეს ძრავა შეიძლება ექსკლუზიურად Rolls-Royce-ის მანქანებისთვის — როგორიცაა Ghost, Cullinan და Phantom — დარჩეს. მიუხედავად ამისა, კარგი ამბავია, რომ 6, 8 და 12-ცილინდრიანი ძრავები BMW-ს ხაზიდან უახლოეს მომავალში არ გაქრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები