ვიდეო | ახალი Ford Mustang Dark Horse SC მაქს ფერსტაპენმა გამოცადა
თითქმის სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Ford-მა მსოფლიოს Mustang-ის „ახალი სახეობა“ Dark Horse წარუდგინა — ეს საკმარისი დროა იმისათვის, რომ მოდელმა თავი დაიმკვიდროს — ასეც მოხდა, თუმცა პიარი ზედმეტი არასდროს არის... ჰოდა, Dark Horse-ის ახალი მოდელი არც მეტი, არც ნაკლები, ფორმულა 1-ის ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა, მაქს ფერსტაპენმა გატესტა... 24-წუთიანი ვიდეო Red Bull-მა Youtube არხზე გამოაქვეყნა (მაქსს შეგიძლიათ 12:00-დან უყუროთ).
ვიდეოში მაქსი 2026 წლის Mustang Dark Horse SC-ს მართავს, რომელსაც კაპოტზე საკმაოდ დიდი ზომის სავენტილაციო ნახვრეტი აქვს და კორპუსის უკანა მხარეს სოლიდური სპოილერი უმშვენებს. მსოფლიო ჩემპიონის გარბენში გამოყენებული მასლქარი, როგორც ჩანს, სტანდარტულ Dark Horse-ზე განიერი ფრთებითაა აღჭურვილი — და V8-ს ღრიალი? ეს ხმა კი ნამდვილად ვერაფერში შეგეშლებათ...
სამწუხაროდ, სახელის გარდა, Dark Horse SC-ის სპეციფიკაციებზე Ford ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ გასცემს. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქამდეც ვიცოდით, რომ ბრენდი ძველი Shelby GT500-ის მემკვიდრეზე მუშაობდა — შესაძლოა, ეს სწორედ ის მოდელია... უკანასკნელი GT500 5.2-ლიტრიანი, ჩაბერვიანი V-8 ძრავით იყო აღჭურვილი, რომელიც 760 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა და, ალბათ, ძალიან უცნაური იქნება, თუ Ford ამ სტანდარტთან გატოლებას მაინც არ ეცადა...

საბედნიეროდ, ვინაიდან Ford-მა ავტომობილი კამუფლაჟის გარეშე წარმოადგინა, ტექნიკურ დეტალებსაც ძალიან მალე გავიგებთ...