Ford, ჰიბრიდი, ელექტრომობილები, BYD, ფორდი
Aa
Aa

შესაძლოა, Ford-მა თავისი ელექტრომობილების ბატარეები BYD-სგან შეიძინოს

Ford ელექტრომობილების მიმართულებით დანახარჯებს ამცირებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრიფიკაციის პროცესს აჩერებს. ამის ნაცვლად, ამერიკული ავტომწარმოებელი განსხვავებული მიდგომის მოსინჯვას გეგმავს — ეს მიდგომა კი ჩინურ ავტომწარმოებლებთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. კერძოდ, Ford მოლაპარაკებებს Tesla-ს მთავარ კონკურენტთან, BYD-სთან აწარმოებს და ჰიბრიდული მოდელებისთვის ბატარეების შეძენას სწორედ მისგან გეგმავს. 

Wall Street Journal-ის ცნობით, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის და, შესაძლოა, ამ საქმიდან არც არაფერი გამოვიდეს, თუმცა, თუ ეს მაინც მოხდება, სავარაუდოდ, Ford-ს მოუწევს, აღნიშნული ბატარეები მხოლოდ აშშ-ის საზღვრებს გარეთ არსებულ ქარხნებში გამოიყენოს. პოტენციური პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია „ლურჯ ოვალში“ არც დაადასტურეს და არც უარყვეს... 

რატომ BYD?

აღნიშნული ჭორები საეჭვოდ ემთხვევა Ford-ის წინაშე არსებულ წყალგამყოფ მომენტს. მცირე ხნის წინ, ამერიკულმა კომპანიამ 19.5 მილიარდი დოლარი გამოათავისუფლა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების მიმართულებით არაერთი მასშტაბური პროექტი გააუქმა, მათ შორის ბატარეების ერთიანი ქარხნის პროექტი სამხრეთკორეულ SK On-თან და LG Energy Solution-თან. განახლებულ შიგაწვისძრავიან მოდელებთან ერთად, Ford ჰიბრიდული ხაზის გაზრდას გეგმავს, ეს კი სეგმენტია, რომელშიც BYD ნამდვილად გამორჩეულია.

ჩინური ავტომწარმოებელი მსოფლიოში ჰიბრიდული ავტომობილებისა და ელექტრომობილების ბატარეების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია, შესაბამისად, შესაძლოა Ford-ის საწარმოო ხაზისთვის ახალი ქარხნის მშენებლობაზე ჭკვიანური სწორედ BYD-ის ჯაჭვზე კაპიტალიზება იყოს. 

დიდი ალბათობით, ამ შეთანხმებით კმაყოფილი არ იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე, ფორდის გეგმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა სავაჭრო საკითხებში. მიუხედავად ამისა, დეტროიტში ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთიდან და იაპონიიდან უცხოური კომპანიების შტატებში გადასვლას მიესალმება, თუ ისინი ამერიკელებს დაასაქმებენ. 

მსგავსი სიახლეები