საქართველოს ავტოპარკმა 2.1 მილიონს გადააჭარბა, ელექტრომობილების წილი გაიზარდა | TBC Capital
2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ავტომობილს გადააჭარბა. ავტოპარკის უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, მსუბუქ ავტომობილებზე მოდის, რომელთა წილიც საერთო რაოდენობაში 82.6%-ს აღწევს. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 129.6 ათასი ავტომობილი დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა. ამავე პერიოდში მკვეთრად შემცირდა ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი და 6.9 წელს შეადგენს. ამასთან, 1-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 28% იყო.
„თიბისი კაპიტალის“ ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი წლიურ ჭრილში 13%-ით, ხოლო რეექსპორტი 26%-ით შემცირდა. კლების სავარაუდო მიზეზებს შორისაა აქციზის განაკვეთების ცვლილება და ჩინური ავტომწარმოებლების მხრიდან კონკურენციის ზრდა საქართველოსთვის მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრებზე.
რეექსპორტისთვის ძირითად მიმართულებებად კვლავ ყირგიზეთი და ყაზახეთი რჩება, თუმცა ამ ორი ქვეყნის ერთობლივი წილი 66%-მდეა შემცირებული, მაშინ როდესაც 2025 წლის პირველ ცხრა თვეში 79%-ს შეადგენდა.
ასევე, „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში მსუბუქი ავტომობილების პირველად რეგისტრაციებში ელექტრომობილების წილი 9%-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 5% იყო. ეს საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 10 ათასი ელექტრომობილის რეგისტრაციას ნიშნავს. ელექტრომობილების პოპულარობის ზრდას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ბენზინისა და დიზელის გაძვირებაც განაპირობებს.
საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილების ავტოპარკში ყველაზე დიდი წილი აშშ-ში წარმოებულ ავტომობილებზე მოდის — 49%. მეორე ადგილზეა იაპონია 21%-ით, ხოლო მესამეზე — გერმანია 13%-ით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს