საქართველო, ზამთარი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბაკურიანი
Aa
Aa

ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე გზების მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდება

ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე ბაკურიანში საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატარებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გზის საფარის ქვედა ფენები მოეწყობა, რაც საკურორტო დაბის მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებას გაუადვილებს.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, გადაწყვეტილების მიზანი ზამთრის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებისთვის გადაადგილების უფრო კომფორტული და უსაფრთხო პირობების შექმნაა.

„ბაკურიანში ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, მიღებული იქნება გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოეწყოს.

„წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის საფარის საბოლოო ფენების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მშენებლობას.

მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოწვეული დისკომფორტი და უზრუნველყოფილი იყოს კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხიანი და სრულფასოვანი განვითარება“, — წერია განცხადებაში.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები