რეკორდი: BMW i3-მა 6000 კილომეტრი გაიარა და დამმუხტველთან 3 საათზე ნაკლები გაატარა
გავრცელებული სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ელექტრომობილები მხოლოდ ქალაქში გადაადგილებისთვისაა განკუთვნილი და შორ მანძილებზე არაპრაქტიკულია, BMW-ის ახალი თაობის i3-მა მიწასთან გაასწორა. ბავარიულმა ბრენდმა ერთი მოგზაურობით დაფარა ისეთი მანძილი, რომელსაც ელექტრომობილების მძღოლთა უმეტესობა, საშუალოდ, ოთხი თვის განმავლობაში გადის — გზაში კი დამმუხტველ სადგურებთან ჯამში მხოლოდ 2 საათი და 46 წუთი დაჰყო.
ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები
Neue Klasse-ს პლატფორმაზე აგებულმა ელექტროსედანმა სტარტი ნორვეგიის კუნძულ მაგეროიაზე აიღო — ეს კონტინენტური ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთია, სადამდეც ავტომობილით მისვლაა შესაძლებელი. იქიდან მოყოლებული, ავტომობილმა სამხრეთისკენ რვა ქვეყანა (მათ შორის დანია, გერმანია და საფრანგეთი) გადაკვეთა და საბოლოო დანიშნულების ადგილს — სამხრეთ ესპანეთში, კოსტა-დე-ლა-ლუსის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ტარიფას მიაღწია.
მარათონის სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მწარმოებლის მიერ დაპირებული ეფექტურობა რეალურ პირობებში კიდევ უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა — ელექტრომობილმა 3 დღეში, 2 საათსა და 41 წუთში 5886.7 კილომეტრი გაიარა — საშუალო სიჩქარე, დაახლოებით, 79 კმ/სთ-იყო. რაც შეეხება ენერგიის ხარჯს, 100კმ-ზე ავტომობილის მიერ მოხმარებული ენერგია საშუალოდ 12.5 კვტ.სთ-ს შეადგენდა.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს დამუხტვის სისწრაფეც — i3 50 xDrive-ს მაქსიმუმ 400 კვტ სიმძლავრის მიღება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ დამუხტვის სიმძლავრე მთელი პროცესის განმავლობაში მუდმივი არ არის, ავტომობილმა გამოწვევის ფარგლებში 275 კვტ საშუალო სიმძლავრე დააფიქსირა — ეს უფრო მაღალია, ვიდრე ბევრი თანამედროვე ელექტრომობილის პიკური მაჩვენებელი.
აღნიშნული მარშრუტი, რომელიც ელექტრომობილების ენთუზიასტებისთვის Paneuropeana-ს სახელითაა ცნობილი, ბავარიულმა ბრენდმა i3-ის ყველაზე შორსმავალი ვერსიით გაიარა — მოდელი აღჭურვილია 108.7 კვტ.სთ ტევადობის ბატარეითა და ორძრავიანი სისტემით, რომელიც 469 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. სედანი 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4.7 წამში ჩქარდება, მისი ერთი დამუხტვითსვლის მარაგი კი WLTP ციკლით 911 კილომეტრს აღწევს.
ასეთ შთამბეჭდავ შედეგებს BMW რამდენიმე მთავარი ფაქტორით ხსნის: ახალი თაობის ცილინდრული ბატარეის უჯრედებით, გამორჩეული აეროდინამიკით, დაბალი გორვის წინაღობის მქონე საბურავებითა და წინა თაობის ელექტროძრავებთან შედარებით ენერგიის დანაკარგების 40%-იანი შემცირებით.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს