ახალი მონსტრი BMW-სგან — იხილეთ ახალი, სრულად ელექტრო M3
ტექნიკური მონაცემები უკვე ოფიციალურად დადასტურდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ პირველი სრულად ელექტრო BMW M3 ნამდვილი მონსტრი იქნება. ავტომობილი გამოიმუშავებს თითქმის 300 ცხენის ძალით მეტ სიმძლავრეს, ვიდრე აქამდე შექმნილი ნებისმიერი M3, აღჭურვილია ოთხი ელექტროძრავით მაბრუნი მომენტის უზუსტესი განაწილებისთვის და შეუძლია სრული დამუხტვით 650 კილომეტრიც გაიაროს.
ახალი თაობის i3-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული სედანი ჯამში 838 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ეს მაჩვენებელი 295 ცხენის ძალით აღემატება ბენზინზე მომუშავე ყველაზე მძლავრ M3-ს — უახლეს M3 CS-ს. კიდევ უფრო შთამბეჭდავი ის არის, რომ ავტომობილს მაქსიმალურ სიმძლავრესთან მიახლოებული რესურსის მიღება მაშინაც კი შეუძლია, როცა მხოლოდ წინა ან მხოლოდ უკანა ღერძი მუშაობს — წინა ღერძის ორი ელექტროძრავა გამოიმუშავებს 644 ცხ.ძ-სა და 540 ნიუტონს, ხოლო მხოლოდ უკანა ღერძის ელექტროძრავები 751 ცხ.ძ-სა და 1000 ნიუტონს გვთავაზობენ.
მართალია, 100 კვტ.სთ ტევადობის ბატარეისა და ძალოვანი ელექტრონიკის შესაძლებლობები სისტემის საერთო პიკურ სიმძლავრეს 838 ცხენის ძალამდე ზღუდავს, მაგრამ თითოეული ღერძის ინდივიდუალური მაჩვენებელი ნათლად აჩვენებს, რა რესურსი აქვს ავტომობილს მოსახვევებში მაბრუნი მომენტის ვექტორიზაციისთვის.
BMW-ს განცხადებით, ახალი M3 მხარს უჭერს 420 კვტ სიმძლავრის დამუხტვას. შესაბამისი სიმძლავრის დამმუხტველი სადგურის პოვნის შემთხვევაში, ავტომობილი სულ რაღაც 10 წუთში დაახლოებით 350 კილომეტრის სვლის მარაგს შეივსებს. არანაკლებ შთამბეჭდავია დამუხრუჭების სისტემაც. მუხრუჭის სატერფულზე მკვეთრი დაჭერისას ავტომობილს 540 კვტ სიმძლავრის ენერგიის რეგენერაცია შეუძლია. ეს თითქმის სამჯერ მეტია Tesla Model S Plaid-ის მაჩვენებელზე და საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა მკვეთრად შეანელოს სტანდარტული ხუნდების ჩართვის გარეშეც კი.
ბუნებრივია, დიდი ბატარეისა და ოთხი ძრავის გამო, ელექტრო M3 ბენზინის ანალოგზე საგრძნობლად მძიმეა. სტანდარტული M3 ოფიციალურად 1742 კილოგრამს იწონის. მიუხედავად იმისა, რომ BMW-ს ელექტრო ვერსიის ზუსტი წონა ჯერ არ დაუსახელებია, წინასწარი მონაცემებით ის დაახლოებით 2309 კილოგრამი იქნება. საინტერესოა, რომ ამ წონითაც კი ელექტრო M3 დაახლოებით 45 კილოგრამით უფრო მსუბუქია, ვიდრე მომავალი თაობის Audi RS5, რომელიც სულაც არ არის ელექტრომობილი. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მსუბუქი იყო BMW კონკურენტებთან შედარებით ელექტრიფიკაციის ეპოქამდე.
ერთი სიტყვით, ახალ ეპოქისკენ ბავარიული ბრენდი, ჯერჯერობით, შესანიშნავად მიიწევს...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს