Aston Martin-ი დაკარის რალიზე ლეგენდარულ მრბოლელებს გამოიყვანს
Aston Martin ავტოსპორტში ახალ, გრანდიოზულ ნაბიჯს დგამს — კომპანია დაკარის რალიზე სრულფასოვანი დებიუტით წარსდგება. თანაც, ბრიტანელებმა რბოლისთვის უპრეცედენტო, ვარსკვლავური შემადგენლობა შეკრიბეს: გუნდის ღირსებას ფორმულა 1-ის მოქმედი პილოტი, ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსო, რალის ლეგენდა სებასტიან ლოები და მსოფლიო რალი-რეიდის ჩემპიონი ლუკას მორაესი დაიცავენ.
სამივე საპატიო ეკიპაჟისთვის სპორტულ პროტოტიპებს ცნობილი ბრიტანული საინჟინრო კომპანია Prodrive ამზადებს. ავტომობილმა სახელი — Dreadnought-ი მიიღო და მისი დიზაინი შთაგონებულია იმავე სახელწოდების კონცეფციით, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ ვიდეოთამაშ Call of Duty – Modern Warfare 4-ისთვის შექმნა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით ბოლომდე არ გახმაურებულა, წარმოდგენილ ფოტოებზე ბრიტანული ბრენდის დიზაინის ელემენტები მაინც ნათლად ჩანს. აღსანიშნავია, რომ არსებული ინფორმაციით, მანქანა ტექნიკურ ბაზად Prodrive-ის მიერ შექმნილ იმავე პლატფორმას გამოიყენებს, რომელმაც რალიში უკვე „მოინათლა“.
ფერნანდო ალონსო ფორმულა 1-ის პარალელურად, მზადაა უზარმაზარი გამოწვევა მიიღოს. ალონსოსთვის ეს პირველი დაკარი არ იქნება — 2020 წელს მან Toyota-თი უკვე იასპარეზა და სადებიუტო რბოლა მე-13 ადგილზე დაასრულა. სებასტიან ლოები, WRC-ის 9-გზის ჩემპიონი და რალის ცოცხალი ლეგენდა, დაკარის პოდიუმზე ხუთჯერაა ნამყოფი და 28 ეტაპი აქვს მოგებული, თუმცა თავის პირველ აბსოლუტურ გამარჯვებას ამ რთულ მარათონში ჯერ ისევ ეძებს. რაც შეეხება ლუკას მორაესს, მან 2023 წლის სადებიუტო დაკარზე მე-3 ადგილი დაიკავა.

რბოლა ტრადიციულად იანვარში გაიმართება და ბრიტანული გუნდს ტიტანებთან შერკინება მოუწევს — გასულ წელს ხომ დაკარზე აბსოლუტური დომინაცია Aston Martin-ის თანამემამულე Land Rover Defender-მა აჩვენა...
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს