სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბელამდე გაიზარდა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ შსს-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ.
უწყების ცნობით, რეგულაციის შესაბამისად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში, 23:00-დან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას წარმოქმნილი ხმაურის დონე 100 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ხმაურის დონის მონიტორინგს შსს-ის უფლებამოსილი დანაყოფები ახორციელებენ. შემოწმების პროცესში სამართალდამცველები საერთაშორისო ISO 5130:2019 სტანდარტის შესაბამის პორტატულ საზომ მოწყობილობებს იყენებენ.
ცნობისთვის, კანონმდებლობით დადგენილი ხმაურის დასაშვები ნორმის — 100 დეციბალის — გადაჭარბება იწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას.
სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გათვალისწინებულია 200 ლარის ოდენობით ჯარიმა და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 20 ქულით შემცირება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა ითვალისწინებს 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებასა და ქულების 30 ქულით შემცირებას.
შსს-ის თანამშრომლები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებასა და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას კვლავ აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს