როგორია საწვავის ხარისხი საქართველოში? | ლაბორატორიული შემოწმების შედეგები
ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. უწყების წარმომადგენლებმა ქვეყნის მასშტაბით 111 ავტოგასამართი სადგურიდან აიღეს ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი, რომლებიც შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საავტომობილო საწვავის 111 სინჯიდან კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს მხოლოდ 14 ნიმუში არ აკმაყოფილებს.
კერძოდ, ბენზინის 2 ნიმუშში დაფიქსირდა ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების, ასევე ეთერების მოცულობითი წილის ნორმიდან გადაჭარბება.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარია. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება“, — ვკითხულობთ დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წერს, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. უწყების აღნიშვნით, საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, საწვავში ბოლო წლებში არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.
ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს მომდევნო წელსაც შეამოწმებს და დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს