EV, Mitsubishi, ელექტრომობილები, მიცუბიში, იაპონური, Foxtron, Foxconn
Aa
Aa

Mitsubishi თაივანურ კომპანიასთან ერთად 400-ცხენისძალიან ელექტრომობილს გამოუშვებს

ყველაზე უინტერესო საწარმოო ხაზის მქონე ავტომწარმოებელს ყოველწლიურად რომ აჯილდოებდნენ, თანამედროვე Mitsubishi უკონკურენტო იქნებოდა... თუმცა, როგორც ჩანს, ჰორიზონტზე ცვლილებები გამოჩნდა — იაპონური ბრენდი ახალი სრულად ელექტრო მოდელით გადახალისდება. 

ამ პროექტზე მიცუბიში თაივანურ პარტნიორ Foxconn-თან ერთად იმუშავებს, რომელიც უფრო მეტად iPhone-ების აწყობითაა ცნობილი. ერთად, ორი კომპანია სრულად ელექტრო ჰეჩბექს შექმნის, რომელიც Foxtron Bria-ს დაეფუძნება — მოდელს, რომლის დიზაინიც ლეგენდარულმა იტალიურმა სტუდია Pininfarina-მ შექმნა.


ზემოხსენებული მოდელი Model B Concept-ს ეფუძნება და მისი საწარმოო დებიუტი სწორედ თაივანში შედგა — ამჯერად კი მის იაპონურ ტყუპისცალს ვიხილავთ. Bria აღჭურვილია 57.5 კვტ.სთ-იანი ლითიუმის ფოსფატის ბატარეებით და მისი სამი ვერსიაა ხელმისაწვდომი — Elegand და Emerge ვერსიები 229-ცხენისძალიანი ერთი ელექტროძრავით არიან აღჭურვილი და 100 კმ/სთ-ს 6.8 წამში ავითარებენ, ხოლო პერფორმანსის მოყვარულებს შეუძლიათ, არჩევანი ორძრავიან Pioneer-ზე გააკეთონ, რომელიც სრულად ამძრავია და 400 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს — შესაბამისად, Foxtron Bria Pioneer 100კმ/სთ-მდე, სულ რაღაც, 3.9 წამში ჩქარდება.  

სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ვიცით, შეინარჩუნებს თუ არა ამ მონაცემებს Mitsubishi-ს ვერსია, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ასეც იქნება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ Model B-ის პროტოტიპი Foxtron-ის ბრენდინგის გარეშე მელბურნში შენიშნეს — ორივე კომპანია ერთ-ერთ მთავარ ბაზრად სწორედ ავსტრალიას განიხილავს. რას დაარქმევს ახალ მოდელს Mitsubishi, ცნობილი არ არის, თუმცა The Drive-ის ცნობით, იაპონურმა ავტომწარმოებელმა ავსტრალიაში საავტორო უფლებები მოიპოვა სახელ ASX GT-სა და ASX VR-e-ზე.  

რაც შეეხება ჰეჩბექის პარამეტრებს — Bria სიგრძეში 4,315 მეტრია, სიგანეში — 1,885 მეტრი, ხოლო სიმაღლეში — 1,535 მეტრი. შესაბამისად, დაახლოებით თუ წარმოიდგენთ, ის Volkswagen Golf-ზე ოდნავ განიერი და გრძელია (დაახლოებით სრულად ელექტრო MG 4-ის ზომის). ეს Foxvonn-ის პირველი სერიული ელექტრომობილია, თუმცა Bria, მიუხედავად ამისა, ნამდვილად შთამბეჭდავი მოდელია — ასეთი Mitsubishi-ს არაფერი ჰყავს, თუმცა იაპონურ კომპანიას პარტნიორების ავტომობილები საკუთარი ბრენდინგით აქამდეც გამოუშვია და პრობლემა არც Bria-ს რებრენდინგი იქნება...

მსგავსი სიახლეები