ჩინეთი, გაყიდვები, ელექტრომობილები, ტესლა, ბიუაიდი
Aa
Aa

ჩინური BYD ქვეყნის ფარგლებს გარეთ წელს 1.3 მილიონზე მეტი მანქანის გაყიდვას გეგმავს

ელექტრომობილების ჩინური მწარმოებელი BYD, რომელიც უკვე წლებია, როგორც ადგილობრივ, ასევე საზღვარგარეთულ ბაზრებზე დომინაციის მოპოვებას აგრესიულად ცდილობს, ახალ ამბიციურ გეგმებს აანონსებს. კომპანიის ამჟამინდელი მიზნით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ მიწოდება თითქმის 25%-ით უნდა გაიზარდოს.

„2026 წელს კომპანია ჩინეთის ფარგლებს გარეთ 1.3 მილიონი ავტომობილის გაყიდვას გეგმავს“, — განაცხადა BYD-ის ბრენდინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების გენერალურმა მენეჯერმა, ლი იუნფეიმ შაბათს, შანხაიში გამართულ ბრიფინგზე. ცნობისთვის, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1.05 მილიონ ავტომობილს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ გაყიდვების ზრდამ ჩინურ ავტომწარმოებელს გასულ წელს Tesla-სთვის გადასწრების საშუალება და მსოფლიოში ელექტრომობილების ნომერ პირველი მწარმოებლის ტიტული მოუპოვა, ქვეყნის შიგნით BYD ზეწოლის ქვეშ რჩება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩინეთის ხელისუფლების მიერ ელექტრომობილების შესყიდვაზე ზოგიერთი წამახალისებელი პროგრამის შეჩერებასა და შიდა კონკურენციის გამძაფრებას უკავშირდება.

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ BYD-ის გეგმებმა შესაძლოა ინვესტორებს იმედები გაუცრუოს. Citigroup Inc.-მა ნოემბერში განაცხადა, რომ BYD-მა 2026 წელს საზღვარგარეთ გაყიდვების 1.5 მილიონიდან 1.6 მილიონ ერთეულამდე გაზრდის მიზანი დაისახა, აღნიშნული გეგმა კი ამ პროგნოზის მხოლოდ ქვედა ზღვარია.

მსგავსი სიახლეები