ოლივერ სოლბერგი ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, ვინც მონტე-კარლოს რალი მოიგო
ბრიტანელ შტურმან ელიოტ ედმონდსონთან ერთად, Toyota Gazoo Racing-ის 24-წლის შვედმა მრბოლელმა, ოლივერ სოლბერგმა მონტე-კარლოს რალიში გაიმარჯვა, რითაც რეკორდი დაამყარა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მრბოლელი, ვისაც ამ შედეგისთვის მიუღწევია. ახალგაზრდა პილოტი რალის ლეგენდარული მძღოლის, 2003 წლის სეზონის ჩემპიონის, პიტერ სოლბერგის შვილია. ოლივერმა თანამემამულე ბიორნ ვალდეგორის მიერ 1970 წელს დამყარებული რეკორდი დაამხო. 
ზოგადად, Toyota-სთვის სეზონი შესანიშნავად დაიწყო და პოდიუმზე სამივე ადგილი დაიკავა. ახალწვეულმა სოლბერგმა თოვლიანი და მოყინული გზების პირობებში შესანიშნავი ოსტატობა გამოავლინა და თავისი თანაგუნდელები საკმაოდ დიდი სხვაობით დაამარცხა. ელფინ ევანსის დრო სოლბერგისას 51.8 წამით ჩამორჩა, ხოლო ლეგენდარულმა სებასტიენ ოჟიემ რალი 1 წუთითა და 10.4 წამით დიდ დროში დაასრულა. 
„ახლა ვერაფერს ვხვდები, ძალიან ემოციური დღეა. ეს ყველაზე რთული რალი იყო ჩემს ცხოვრებაში, პირველი შემთხვევა, როცა საჭესთან ჯდომა ასფალტის საფარზე მომიწია და მაინც გავიმარჯვეთ. დიდ მადლობას ვუხდი Toyota-ს ნდობისთვის — გუნდური მუშაობა გამორჩეული იყო“, — განაცხადა რბოლის შემდეგ ოლივერ სოლბერგმა.
სოლბერგი კარგად გაუმკლავდა მოულოდნელ დაძაბულობას მე-12 ეტაპზე, როცა მისი GR Yaris ყინულზე მოცურდა, გზიდან გადავიდა და ღობეს შეეხო. მისდა საბედნიეროდ, შვედმა შეძლო ავტომობილის შემობრუნება და ტრასაზე დაბრუნება — შესანიშნავი ტემპის დამსახურებით, ეს ეტაპი მაინც მან მოიგო და მეორეადგილოსან ევანსს 1.9 წამით აჯობა. 
თოვლი და ყინული მრბოლელებს მთელი კვირის განმავლობაში აწუხებდა და ამ გამოწვევებს ყველაზე უკეთ სწორედ პეტერ სოლბერგის მემკვიდრე გაუმკლავდა, რომელსაც WRC-ში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.