გაერთიანებული სამეფო, ჩინური, ჩინური ელექტრომობილები, ჯაეკუ, Jaecoo 7
Aa
Aa

„Range Rover-ი Temu-დან“ — გაერთიანებულ სამეფოში Jaecoo-ს მოდელები მოსწონთ

ყველა მივეჩვიეთ იმას, რომ დასავლეთში ჩინური ავტომობილების რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება. რამდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ 2025 წლის დეკემბერში ევროპაში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინური იყო.

ასევე იხილეთ: 2025 წლის დეკემბერში ევროპაში გაყიდული ყოველი მე-10 ავტომობილი ჩინური იყო

ამ ტენდენციას მიყვება Chery-ს შვილობილი ბრენდი Jaecoo-ც, რომელმაც, Bloomberg-ის ცნობით, გასულ წელს ბრიტანეთში 28 000 ავტომობილი გაყიდა, რითაც ბაზრის 1.4%-იც დაიკავა, გაასწრო რა ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიც Honda, Citroen და Porsche არიან (ეს უკანასკნელი მდიდრული ავტომწარმოებელია, ამიტომ მეტ-ნაკლებად გვესმის...)


ჩინური ავტომწარმოებლის ყველაზე პოპულარული მოდელი, 7 SUV დეკემბერში გაერთიანებულ სამეფოში მე-6 ყველაზე გაყიდვადი მანქანა გახდა და გაასწრო ახალ Mini Cooper-ს, Tesla Model 3-სა და Nissan Juke-ს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ეს მოდელი რამდენიმე განსხვავებული სახელით იყიდება (ძალური აგრეგატის მიხედვით) — Tansuo 06, Tiggo 7 High Energy და Fulwin T6.

მყიდველებს უყვართ, ავტო-ექსპერტებს — არც ისე

თუ პროფესიონალურ განხილვებს დავეყრდნობით, ექსპერტებს Jaecoo 7 SUV არ მოსწონთ. What Car?-მა საგზაო გამოცდის შემდეგ, მოდელს 5 ვარსკვლავიდან მხოლოდ 2 დაუწერა და მკითხველები გააფრთხილა, რომ „უმჯობესია, ამ მოდელს მოერიდონ“. ამ აზრს იზიარებენ სხვა პორტალებისა და ჟურნალების ექსპერტებიც. 

მიუხედავად ამისა, Jaecoo-ს ჭკვიანი ტექნოლოგიები და კომფორტული ინტერიერი, ფუნქციების სიმრავლე, ხელმისაწვდომი ფასი და 7-წლიანი გარანტია მყიდველის ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. ხუმრობით, მდიდრული უნივერსალების მსგავსი დიზაინისა და დაბალი ფასის გამო, 7 SUV-ს Temu-დან გამოწერილი Range Rover-იც კი უწოდეს. ავტომობილი Range Rover Evoque-ს მართლაც ჰგავს და მასზე ბევრად იაფია და, დაახლოებით, 30 000 ფუნტი ღირს.

 

რაც შეეხება მანქანის პერფორმანსს, ის არც ისე ამაღელვებელია. Jaecoo-ს მოდელის კაპოტის ქვეშ 1.6-ლიტრიანი ბენზინის ძრავა დაგხვდებათ, რომელიც 143 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. 35 000 ფუნტად მომხმარებელს შეუძლია, არჩევანი დამუხტვად ჰიბრიდზე გააკეთოს, ან 25 000 ფუნტად უფრო პატარა, მსგავსი დიზაინის მქონე, თუმცა სრულად ელექტრო Jaecoo 5 იყიდოს. 

მოცემული პოპულარობა აისახა იმაზეც, რომ ახლა ჩინური ავტომწარმოებელი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქარხნის აშენებასაც გეგმავს. ამ ეტაპზე კი Chery-ს შვილობილი კომპანიისთვის მთავარია, გადაურჩეს გამხეცებულ კონკურენციას, რომლის მონაწილეებიც, სხვათა შორის, მისი თანამემამულეები — BYD და SAIC არიან.   

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები