Ford-ი ადასტურებს: რამდენ ცხენის ძალას გამოიმუშავებს ახალი Mustang Dark Horse SC?
ახალი Mustang Dark Horse SC ავტომობილია, რომელიც ენთუზიასტებს სუპერქარზე მკვეთრად დაბალი ღირებულებით GTD-ის „სიკეთეებს“ შესთავაზებს. თუმცა, პირველი ავტომობილი აუქციონზე გასაოცარ $1.25 მილიონად გაიყიდა და ეს, ალბათ, რეკომენდებულ საცალო ფასზე 10-ჯერ მეტია. იმავე აუქციონზე კი, სადაც ავტომობილი წარმოუდგენელ ფასად გაიყიდა, Ford-ის უფროსმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და გაამხილა ის, რაზეც ავტომწარმოებელი ამ დრომდე ხმას არ იღებდა.
„ეს მანქანა ერთი მისიით — ელიტური სპორტული მანქანების დასამარცხებლად შეიქმნა“, — განუცხადა სიმპსონმა აუქციონის მონაწილეებს. „ჩვენი ავტომობილის კაპოტქვეშ 5.2-ლიტრიანი V8 ძრავაა, რომლის სიმძლავრეც 700 ცხენის ძალაზე მეტია“, — თქვა Ford-ის პერსონალიზაციის მიმართულების აღმასრულებელმა დირექტორმა, მეტ სიმპსონმა.
შედარებისთვის: GTD, რომელიც იგივე ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიას იყენებს, 815 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჩვეულებრივი, 5-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავით აღჭურვილი არა-SC Dark Horse კი 500 ცხენის ძალას გვთავაზობს.

ყველა SC-ს ერთი და იგივე ძრავა აქვს, მაგრამ აუქციონის მანქანა საბაზისო მოდელზე ოდნავ მაღლა დგას, რადგან Track Pack Special Edition-ია. ეს უკანასკნელი Track Pack-სა და Carbon Pack-ს აერთიანებს და მხოლოდ Shadow Black ან Oxford White-ის ფერშია ხელმისაწვდომი.
ეს ნიშნავს, რომ მას აქვს GTD-ის Brembo-ს კარბონის მუხრუჭები, MagneRide-ის ამორტიზატორები, 20-ინჩიანი კარბონის დისკები და უკანა ფრთა, რომელიც 290 კმ/სთ სიჩქარისას 280 კილოგრამის მიმჭერ ძალას წარმოქმნის. რაც შეეხება ინტერიერს, აქ თანამედროვე ფუნქციები, ასევე Recaro-ს სავარძლები, ალკანტარასა და კარბონის მორთვა და GTD-დან ნასესხები ტიტანის გადამრთველები დაგხვდებათ.
შესაძლოა იფიქროთ, რომ $1.25 მილიონად ამ ადამიანს რამდენიმე ათეული ავტომობილის ან, სულაც, წარმოუდგენელი შესაძლებლობების ჰიპერქარის შეძენა შეეძლო, თუმცა აქ საქმე სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს. აღნიშნულ აუქციონს საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა და, შესაბამისად, შემოსული თანხაც სრულად დიაბეტის მკურნალობის კვლევებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას გადაერიცხება.