აუქციონზე Skyline GT-R R34 M-Spec Nür 442 000$-ად გაიყიდა
R34 თაობის საკულტო Nissan Skyline GT-R დროთა განმავლობაში კოლექციონერებისათვის უფრო და უფრო ძვირფასი მოდელი ხდება — გჭირდებათ მტკიცებულება? მაგალითად, ერთ-ერთი მათგანი ცოტა ხნის წინ გაიყიდა ფასად, რომელიც მეორად Ferrari SF90 Stradale-საც გიყიდდათ.
შესაბამისად, R34 GT-R-ს უკვე ინვესტიციაც კი შეგვიძლია ვუწოდოთ, რადგან მისი ფასი დროთა განმავლობაში იზრდება. ამჯერად აუქციონზე R34 M-Spec Nür-ი გაიყიდა, რომელიც უიშვიათესი კომპლექტაციაა და სულ 285 ერთეულად გამოუშვეს. 

აშშ-ში ამ ავტომობილით ქუჩაში მარტივად ვერ ივლით — არსებული რეგულაციებით, კლასიკური სპორტქარით წლის განმავლობაში მხოლოდ გარკვეული მანძილის დაფარვა შეგიძლიათ (როგორც ეს ბილ გეიტსის პორშეს შემთხვევაში მოხდა).
ასევე იხილეთ: ბილ გეიტსი საყვარელი მანქანის გამო 13 წლის განმავლობაში ყოველდღიურად 28$-ით ჯარიმდებოდა |მიზეზი
საუბარია 2002 წლის M-Spec Nür-ზე, რომლის ოდომეტრიც არც ისე მცირე 60 000კმ-ს უჩვენებს. მიუხედავად ამისა, მყიდველმა მასში 442 000$ გადაიხადა — ერთ-ერთი ყველაზე მეტი, ვიდრე ამ მანქანაში ოდესმე გადაუხდიათ. თუ გგონიათ, რომ ეს ვერსია სტანდარტულ GT-R-ებთან ახლოს დგას, ძალიან ცდებით. იაპონურმა ავტომწარმოებელმა უამრავი დეტალი შეცვალა, მაგალითად, დააყენა ცილინდრთა ბლოკის თავის ახალი შუასადები, მოდიფიცირებული მანაწილებელი ლილვები, ძრავის მართვის ახალი ბლოკი, ალუმინის უფრო დიდი რადიატორი, გაუმჯობესებული შუალედური გამაგრილებელი, ჰაერის შემშვების ახალი სისტემა და ძრავის გაძლიერებული საყრდენი ბალიშები.

რა გამოარჩევს ამ Nür-ს?
ის, რაც ამ კონკრეტულ მანქანას გამოარჩევს, გამოცვლილი ძრავაა. ის Nissan R2 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სკაილაინის ქარხნულ RB26DETT-ზე მძლავრია და 500 ცხ.ძ-ზე მეტს გამოიმუშავებს. აღნიშნული ცვლილება 15 000კმ-ის წინ განხორციელდა, რაც ნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნის სიცოცხლე აქვს შერჩენილი.
ინტერიერში ვხედავთ, რომ შენარჩუნებულია შავი ტყავით შესრულებული M-Spec-ის სავარძლებიც. ავტომობილის ექსტერიერი კი ნეფრიტისფერია (Millenium Jade) — ალბათ, შესაძლოთა შორის ყველაზე ლამაზი ვერსია.
ერთი სიტყვით, ჭეშმარიტი (და ასევე ჭეშმარიტად მდიდარი) ავტომოყვარული ამ მანქანისთვის ნახევარი მილიონი დოლარის გადახდას არასდროს დაინანებდა...