Porsche-ს მთავარი დიზაინერის პოსტზე მიხაელ მაუერს McLaren-ის ყოფილი მთავარი დიზაინერი ჩაანაცვლებს
მდიდრული ავტომობილების სამყაროდან საინტერესო ახალი ამბები ვრცელდება — BBC Top Gear-ის ცნობით, McLaren-ის მთავარმა დიზაინერმა, ტობიას ზულმანმა ბრიტანული ავტომწარმოებლის რიგები დატოვა და გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ანალოგიურ პოზიციას Porsche-ში დაიკავებს.
ეს ნიშნავს იმას, რომ ყოფილი მაკლარენელი მიხაელ მაუერს ჩაანაცვლებს, რომელიც პორშეს მთავარი დიზაინერის პოსტს ოც წელზე მეტია იკავებს და გერმანული ავტომწარმოებლის არაერთ წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 
„მიხაელ მაუერმა Porsche-ში ეპოქა შექმნა. თავის გუნდთან ერთად, მან 911-ის ლეგენდარული დიზაინი თანამედროვეობაში დიდი სიფრთხილით შემოიყვანა და ამავდროულად, პორშეს იდენტობა ახალ სერიულ მოდელებში უშეცდომოდ გადაიტანა", — განაცხადა Porsche-ს ხელმძღვანელმა, მიხაელ ლაიტერსმა, რომელიც წარსულში McLaren-საც ხელმძღვანელობდა.
ლაიტერსის თქმით, Panamera, სახეცვლილი Cayenne და, რა თქმა უნდა, 918 Spyder, რომელმაც ბაზარზე თამაშის წესები შეცვალა, მაუერის მთავარი ქმნილებებია. 
„მარადიული დიზაინის შექმნას ორი რამე სჭირდება: გამძლეობა და ახალი იმპულსები. პორშეს სტრატეგიული გარდაქმნის პირობებში, ახლა შესანიშნავი დროა დიზაინში ახალი პერსპექტივების შემოსატანად. ჩემთვის დიდი პატივი იყო, მქონოდა შესაძლებლობა, შემექმნა და განმევითარებინა Porsche-ს დიზაინის ფილოსოფია ამდენი წლის განმავლობაში", — განაცხადა მიხაელ მაუერმა.
მიხაელ მაუერი გერმანული ავტომწარმოებლის რიგით მე-4 მთავარი დიზაინერი 2004 წელს გახდა — მის პოზიციაზე იქამდე ფერდინანდ ალექსანდერ პორშე, ანატოლ ლაპინი და ჰარმ ლაგაი მუშაობდნენ. თავად მაუერი პორშემდე Mercedes-ში, Smart-სა და Saab-ში მუშაობდა.
სხვათა შორის, ჩვენ Porsche-ს შავბნელ ისტორიაზე ვიდეოც მოვამზადეთ, რომლის ხილვაც CrystalAuto-ს Youtube არხზე შეგიძლიათ: