ელექტრომობილი, ჩინეთი, ფოლცვაგენი, ევროპა, ხპენგი
Aa
Aa

Xpeng-ი ევროპულ ბაზარზე VW-ის უპირისპირდება | ჩინური სედანი VW ID.7-ის წინააღმდეგ

VW და Xpeng-ი ჩინეთის ბაზრისთვის ახალი ელექტრომობილების წარმოებაზე აქტიურად თანამშრომლობენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამას პარტნიორებს შორის ჩუმი მეტოქეობის განვითარებისთვის ხელი არ შეუშლია. ცოტა ხნის წინ Xpeng-მა თავისი უახლესი ელექტროსედანი, P7+, წარადგინა, რომელიც კონკურენციას — არც მეტი, არც ნაკლები — რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად ელექტრომობილს, VW ID.7-ს, გაუწევს.

P7+ ჩინეთის ბაზარზე დიდი ხანია გაშვებულია, თუმცა ევროპაში ის მხოლოდ მცირე ხნის წინ, თანაც ახალი ლოგოთი გამოჩნდა. ევროპული სპეციფიკაციებით შექმნილი მოდელის დებიუტი ამ თვის დასაწყისში, ბრიუსელში გამართულ ავტოშოუზე შედგა. ახლა კი ის ადგილობრივად, Magna Steyr-თან კონტრაქტის ფარგლებში ოპერირებად ქარხანაში იწარმოება.

ID.7-ის მსგავსად, P7+ მარტივი დიზაინისა და დაბალი პროფილის სედანია, რომელიც მაღალსიჩქარიან დამუხტვასა და დაფარვის დიაპაზონზეა ორიენტირებული. VW-თან შედარებით Xpeng-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასია. გერმანიაში საბაზისო დონის P7+-ის შეძენა 43 600 ევროდაა შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად დაბალია ID.7-ის საწყის ფასზე, რომელიც 54 105 ევროდან იწყება.

ცნობისთვის, VW-ის მოდელის საბაზისო ვერსია 77 კვტ/სთ ბატარეას იყენებს და ერთი დამუხტვით 619 კილომეტრის დაფარვა შეუძლია (WLTP-ის მონაცემები). ამის საპირისპიროდ კი P7+-ს გაცილებით დაბალი სიმძლავრის, 62 კვტ/სთ ბატარეა აქვს, რომელიც ჩინური ელექტრომობილის დაფარვის დიაპაზონს 455 კილომეტრამდე ზღუდავს. თუმცა, მსურველები 49 600 ევროს სანაცვლოდ 75 კვტ/სთ ბატარეით აღჭურვილ მოდელსაც მიიღებენ, რომლის დაფარვის დიაპაზონი 530 კილომეტრს აღწევს.

AutoNews-თან საუბრისას Xpeng Europe-ის ბრენდინგისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა, სვენ დე სმეტმა, განაცხადა, რომ P7+-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი უფრო სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობაა. მაქსიმალურ მაჩვენებელზე სწრაფი დამუხტვის სიმძლავრე 446 კვტ-ს, ხოლო საბაზისო P7+-ის შემთხვევაში 350 კვტ-ს აღწევს. სმეტის განცხადებით, ეს და ელექტრომობილის სხვა მახასიათებლები შესაძლოა მიმზიდველი აღმოჩნდეს იმ ევროპელი მძღოლებისთვის, რომლებიც რეაგირების სიჩქარესა და ეფექტიანობას დიდ ყურადღებას აქცევენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები