პროტოტიპები, რენო, დრონი, სამხედრო ტექნიკა, ეს იუ ვი, რენო რაფალე
Aa
Aa

Renault-მა წარადგინა SUV-ის პროტოტიპი, რომელიც დრონების გასაშვებად იქნება განკუთვნილი

ფრანგული საავტომობილო ინჟინერიის უცნაურობებს ავტომოყვარულები დიდი ხანია იცნობენ, თუმცა ზოგჯერ მართლაც ძალიან საინტერესო ეგზემპლარებს ვაწყდებით. Renault-ის SUV-ი, რომელიც სტანდარტულ სამომხმარებლო ავტომობილს ძალიან ჰგავს, ალბათ ბოლო ადგილია, სადაც სამხედრო სამეთაურო პუნქტის აღმოჩენას ისურვებდით, თუმცა Renault Group-მა ის სწორედ აქ განათავსა.

ასევე იხილეთ:  10 ყველაზე გამძლე ყველგანმავალი ისტორიაში? 

კომპანიამ პარიზში, Eurosatory 2026-ის თავდაცვის გამოფენაზე, ფრანგულ სამხედრო კონტრაქტორ Thales-თან ერთად, წარმოადგინა პროტოტიპი სახელად 4 Troop.  კონცეპტი Rafale-ზეა ბაზირებული და მრავალფუნქციური სამოქალაქო ავტომობილების (VCMR) კატეგორიაში თავსდება, რითაც სპეციალიზებული სამხედრო სატვირთოების ბევრად უფრო ხელმისაწვდომ ალტერნატივას წარმოადგენს.

შორიდან ის ჩვეულებრივ Rafale-დ აღიქმება, თუმცა დეტალები მას მალევე ააშკარავებს: მქრქალი დამცავი ფირი, წინა მაშუქების სპეციალური ბადეები, აგრესიული უგზოობის საბურავები და სახურავზე დამონტაჟებული ექსკლუზიური საბარგული, რომელიც სავსეა სამხედრო აღჭურვილობით. თუმცა, უმთავრესი მეტამორფოზა ძარას ქვეშ იმალება, სადაც Thales-მა თავისი საბრძოლო ციფრული პლატფორმა (Combat Digital Platform) დაამონტაჟა და ეს SUV-ი უპილოტო საფრენი აპარატების ნამდვილ „სკად“ აქცია.

4 Troop-ს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე უპილოტო საფრენი (UAV) და სახმელეთო (UGV) აპარატის გაშვება და მათი მოქმედებების კოორდინირება. გარდა ამისა, ის აღჭურვილია უახლესი სენსორებით, დაცული ტაქტიკური კავშირგაბმულობით, მონაცემთა გადამუშავების მძლავრი შესაძლებლობებითა და გადაწყვეტილების მიმღები ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის სისტემით.

Renault ამ მოდელს ახასიათებს, როგორც „4×4 ფორმულის მქონე ჰიბრიდულ ავტომობილს, რომელიც ფარულ ოპერაციებსა და შორ მანძილზე გადაადგილების უნარებს აერთიანებს“. კომპანია ასევე ხაზს უსვამს V2L (Vehicle-to-Load) ფუნქციას, რაც გარე ელექტრომოწყობილობების კვებას უზრუნველყოფს. ყოველივე ეს მიგვანიშნებს, რომ დონორად Rafale E-Tech 4×4 იქნა გამოყენებული — დამუხტვადი ჰიბრიდული სისტემით, რომელიც ჯამურად 300 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მას 22 კვტ/სთ მოცულობის ელემენტი კვებავს და მხოლოდ ბატარეით 100 კმ-ის გავლის შესაძლებლობას იძლევა. 

Eurosatory 2026-ზე 4 Troop მხოლოდ პროტოტიპის სახით წარსდგა, თუმცა Renault-ში აცხადებენ, რომ „სავსებით შესაძლებელია ამ ავტომობილების სერიული წარმოება სწრაფი დისლოკაციისა და ოპტიმალური ხარჯების პრინციპით“. Thales-ის აღჭურვილობაც ამყარებს ამ იდეას, რადგან ის უკვე აკმაყოფილებს შეიარაღებული ძალების მიერ მოთხოვნილ საოპერაციო და კავშირგაბმულობის სტანდარტებს.

ფრანგული გიგანტის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ სამოქალაქო პლატფორმის გამოყენება მკვეთრად ამსუბუქებს სამხედრო ლოგისტიკურ და ტექნიკურ ტვირთს, ვინაიდან ამ ავტოპარკის მომსახურება პირდაპირ არსებულ სერვისცენტრებშია შესაძლებელი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები