ოდესღაც ყველაზე ძლიერი წინა წამყვანი
გერმანელებს Mercedes-ი და BMW-ი აქვთ, იაპონელებს Toyota, ამერიკელები კი Cadilac-ით ამაყობენ. ეს კომპანია მუდამ ამერიკული ტრადიციებისკენ იყო მიმართული. სახელმწიფო სამსახურებში მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ავტომობილია და თვით ამერიკის პირველი პირებიც კი უკვე 30 წელია „კადილაკებით“ სარგებლობენ. ეს ყველაფერი კი კომპანიის მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამ კომპანიის სამოდელო სიაში უამრავ ლეგენდარულ მოდელს აღმოაჩენთ, თუმცა ჩვენი დღევანდელი გმირი კიდევ უფრო განსაკუთრებულია.

ამერიკული მაღალი კლასის ავტომობილები, როგორც წესი უკანა წამყვანები არიან, „კადილაკი“ ამ მხრივ შედარებით განსხვავებულია. ძალიან ბევრი მისი ლეგენდარული მოდელი წინა წამყვანი იყო. წამყვანი თვლების კონფიგურაციაზე ყურადღებას ტყუილად არ ვამახვილებთ, რადგან 90-იანი წლების მიწურულს კომპანიამ მორიგი მოდელი, Seville SLS გამოუშვა, რასაც მალევე STS მოდელიც მოჰყვა, ძირითადი განსხვავებები დაკიდების სისტემასა და ძრავში იყო. V8 Northstar-ის 4.6-ლიტრიანი ატმოსფერული ძრავა 305 ცხენის ძალას და 400 ნიუტონს გამოიმუშავებდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმ დროისთვის მსოფლიოში არსებული სერიული წარმოების ყველაზე ძლიერი წინა წამყვანი ავტომობილის სტატუსი მოეპოვებინა, რომელსაც ატმოსფერული ძრავა ჰქონდა. მოძველებული გადაცემათა კოლოფის მიუხედავად, რომლის მესამე სიჩქარე 220 კმ/სთ-ს ავითარებდა, აჩქარება მაინც ძალიან შთამბეჭდავი ჰქონდა - 6.7 წამი საკმარისი იყო 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად.

დღევანდელი მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული მოდელი ეხლაც საპატიო ადგილს იკავებს, რადგან მიუხედავად დიდი პერიოდისა, მაინც ვერ მოიძებმა ისეთი კალიბრის წინაწამყვანი ავტომობილი, რომელიც აღნიშნულ მონაცემებს დიდად გადააჭარბებდა.