პოლ უოკერის „დაკარგული“ R34 Skyline ორი ათწლეულის შემდეგ იპოვეს
პოლ უოკერის ვერცხლისფერ-ლურჯი Nissan Skyline GT-R ფილმიდან 2 Fast 2 Furious, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა. რეალურად, ეს მოდელი არც განადგურებულა და არც მოპარულა; უბრალოდ, მას შემდეგ, რაც კერძო კოლექციონერის საკუთრებაში გადავიდა, Skyline-ის შესახებ აღარავის არაფერი სმენია.

R34 Skyline-ის კულტურული გავლენა ავტოინდუსტრიის ისტორიისთვის შთამბეჭდავია — ეს არის მოდელი, რომელმაც ავტომოყვარულთა მთელი თაობა განსაზღვრა და JDM-კულტურა ჩამოაყალიბა. ამას დაუმატეთ ის ფაქტიც, რომ ეს კონკრეტული ავტომობილი ისეთ საკულტო ფილმში გამოჩნდა, როგორიც Fast & Furious-ია და გასაკვირი აღარ იქნება, თუ რატომ ინტერესდებოდა ყველა ამ წლების განმავლობაში Skyline-ის გაუჩინარებით.

როგორც აღმოჩნდა, Skyline დაახლოებით 18 წლის წინ კერძო მესაკუთრის ხელში გადავიდა, რომელმაც ეს მოდელი „სამუზეუმო ექსპონატად“ აქცია, თუმცა — მხოლოდ საკუთარი სახლისთვის. წლების შემდეგ ავტომობილი ChromeCars-მა იპოვა და Instagram-ზე პოსტიც მიუძღვნა. რა თქმა უნდა, პირველი, რაც მათ აღნიშნეს, ამ მოდელის წარმომავლობა იყო:
„ეს რეპლიკა არ გახლავთ, ეს არის ქარხნული, ეკრანიზებული Nissan Skyline R34 GT-R ფილმიდან 2 Fast 2 Furious. ავტომობილი მშვიდად ცხოვრობდა ევროპაში, სადაც ერთი ჯენტლმენი, ახლა უკვე ხანდაზმულ ასაკში, ამ ლეგენდარულ ავტომობილს თითქმის 18 წელი მალავდა. Skyline ნამდვილი არტეფაქტივით იყო შენახული მისი სახლის მეორე სართულზე, მისაღებ ოთახში, პროჟექტორებისგან მოშორებით“.

ცნობისთვის, გადაღებების დასრულების შემდეგ Skyline მცირე ხნით ამერიკის შეერთებულ შტატებში ინახებოდა, შემდეგ კი მუზეუმშიც აღმოჩნდა. 2008 წელს მოდელი კერძო მფლობელზე გაიყიდა და მოგვიანებით ნორვეგიაში „გადაბარგდა“. თუმცა, ბოლო 18 წლის განმავლობაში ის, ფაქტობრივად, საზოგადოების თვალთახედვიდან გაქრა.
ასევე დაგაინტერესებთ: ბანდა, რომელსაც პოლიცია ვერ აჩერებდა - შუა ღამის კლუბის ისტორია
კინოს ისტორიის გარეშეც, R34 GT-R ავტოენთუზიასტების ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილია. ამ მოდელის საბაზრო ღირებულება ექვსნიშნა ციფრებს აღწევს, მოცემულ შემთხვევაში კი ფილმთან კავშირი მის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ასევე დაგაინტერესებთ: ფაქტები, რომლებიც Nissan Skyline R34 GT-R-ზე არ იცით
ეს 1999 წლის Nissan Skyline 2003 წლის ფილმისთვის სპეციალურადაა მოდიფიცირებული. მოდელი აღჭურვილია ლეგენდარული RB26DETT ძრავით — 2.6-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი ერთრიგა აგრეგატით, რომელიც 276 ცხენის ძალას გამომუშავებდა. ხოლო Godzilla, როგორც თავად ამ ძრავას (და მოდელს) მოიხსენიებდნენ, სწორედ რბოლისთვის იყო დაპროექტებული.