N2A Anteros — ევროპული სუპერქარის ტყავში გადაცმული C6 Corvette
ზოგი ავტომობილი იშვიათია, რადგან ძვირია. ზოგი იშვიათია, რადგან უბრალოდ არავინ ყიდულობს... თუმცა არსებობენ მანქანები ამ კრიტერიუმებს მიღმაც, რომელთა შორისაც N2A Anteros-ი ნამდვილად გამორჩეულია. ეს ავტომობილია, რომელიც ეგზოტიკურ იტალიურ მოდელს ჰგავს, თუმცა, სინამდვილეში, მისი ელეგანტური ნიღბის მიღმა C6 Corvette იმალება...
ეს, როგორც ცნობილია, ერთადერთი ტარგა 66 500$-ად გაიყიდა, რაც, დაახლოებით, ახალი C8 Stingray-ის ფასია — რამდენად მოგწონთ დიზაინში ასეთი ჩარევები, სხვა საკითხია, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ LS2 V8 ძრავის სიმძლავრის გამოცდა ნახშირბადის ბოჭკოთი „შეფუთული“, უჩვეულო დიზაინის მანქანით ძალიან საინტერესო იქნებოდა. 

Bring a Trailer-ის განცხადებაში ვხედავთ, რომ ეს Anteros-ი კალიფორნიაში დაფუძნებულმა N2A Motors-მა შექმნა და მის ბაზად 2005 წლის Chevrolet Corvette გამოიყენა. როგორც აღინიშნა, ეს უბრალო C6-ია, რომლის კორპუსის პანელებიც სრულად ნახშირბადის ბოჭკოს პანელებით შეიცვალა. სტილი აშკარად ევროპულია — მრგვალი უკანა გაბარიტული მაშუქები, გრძელი, მომრგვალებული კაპოტი, ბადისებური ცხაურა და რელიეფური ფრთები.
N2A-მ მანქანას Anteros-ი ურთიერთსიყვარულის ძველი ბერძნული ღმერთის, ეროსის ძმის, ანტეროსის პატივსაცემად დაარქვა. ბრენდის განცხადებით, ეს აჩვენებს მიდგომას, რომელიც მათ აქვთ — N2A ლოგიკაზე წინ სურვილს აყენებს. გამორჩეულია ისიც, რომ მოდელი ტარგაა — მძღოლს შეუძლია, ავტომობილი სურვილისამებრ გადახდილი სახურავით ატაროს. 
მექანიკურად მანქანა Corvette-ის ფესვებთან ახლოს დგას. კაპოტის ქვეშ 6-ლიტრიანი LS2 V8 ძრავა იმალება, რომელიც 400 ცხ.ძ-სა და 542 ნიუტონს გამოიმუშავებს — სიმძლავრე უკანა თვლებს 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით მიეწოდება. კომპლექტში შედის Willwood-ის მუხრუჭები, ნაჭედი დისკები და Kumho-ს პერფორმანს-საბურავებიც.
სამწუხაროდ, N2A Anteros-ი მთლად უპრობლემო ავტომობილი ვერ არის. Carfax-ზე ის ისევ 2005 წლის კორვეტადაა დარეგისტრირებული და მითითებულია, რომ ოდომეტრზე მოცემული გავლილი მანძილი წლების წინ ხელოვნურად იყოს შემცირებული. ციფრული ოდომეტრი 15 000 მილს აჩვენებს, თუმცა რეალური მონაცემი ცნობილი არ არის. მართალია, Anteros-ი ტუნინგის იდეალური შედეგი არ არის, თუმცა ახალი მფლობელი, წესით, ძალიან გაერთობა...