Jamiroquai-ს მუსიკალური ვიდეო 2026 წლის Revuelto-ს ინსპირაციის წყაროდ იქცა
Lamborghini Revuelto, რომლითაც ავტომწარმოებელმა Aventador-ი ჩაანაცვლა, როგორც თავისი ვიზუალური მხარით, ასევე შესაძლებლობებით, უკვე საკმაოდ შთამბეჭდავი მოდელია. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა Novitec-ის ტიუნერებისთვის, რომლებმაც იტალიური სუპერქარის მოდიფიცირებული ვერსია შემოგვთავაზეს. Novitec-ის ვერსია ღია იასამნისფერ ფერშია გადაწყვეტილი, რაც Jamiroquai-ს 1996 წლის მუსიკალურ რგოლში, Cosmic Girl-ში, გადაღებულ Diablo SE 30-ს მოგვაგონებს.

ვიზუალური დამუშავებიდან დაწყებული და Novitec-ის აეროპაკეტით დასრულებული, ეს მოდელი Lambo-ს სტილს უფრო მეტად იმეორებს, ვიდრე თავად ტიუნერისას. სუპერქარის კომპონენტები კარბონისგანაა დამზადებული, რაც მის წონას ამცირებს და პრიალა ზედაპირს სძენს, თუმცა მძღოლებს დეტალების გადაღებვაზე არჩევანის საშუალებასაც უტოვებს. წინა ნაწილში განახლებული სპლიტერი Lambo-ს მოდელს უფრო აგრესიულ იერს სძენს, რომელიც, თავის მხრივ, მაშუქების ახალი ტიპის დეკორაციასა და შეცვლილ კაპოტთანაა გაერთიანებული.

გამორჩეული დეტალია Vossen-თან ერთად დაპროექტებული დისკებიც, რომლებიც სამი განსხვავებული დიზაინითაა ხელმისაწვდომი — წინა მხარეს 21-ინჩიანი, ხოლო უკანა მხარეს 22-ინჩიანი ვერსიებით. მყიდველებს სულ 72 ფერის ვარიანტიდან შეეძლებათ დისკების შერჩევა სამი — „გლუვი“, „პრიალა“ და „პოლირებული“ — ვერსიით.

გამონაბოლქვის სისტემა ხელმისაწვდომია როგორც უჟანგავი ფოლადის, ისე მსუბუქი ინკონელის ვარიანტში. ინკონელის არჩევის შემთხვევაში, მისი დაფარვა 999 სინჯის ოქროთია შესაძლებელი, რაც მას გადახურებისგანაც დაიცავს. ასევე ხელმისაწვდომია აქტიური ხმის მართვის სისტემა, რომელიც butterfly-ს ტიპის სარქველებს იყენებს. ეს სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, სურვილისა და სიტუაციის მიხედვით დაარეგულიროს გამონაბოლქვის ხმა მშვიდ ან შედარებით აგრესიულ დონეებამდე.
ასევე დაგაინტერესებთ: ტყვე, რომელმაც Lamborghini შექმნა
რაც შეეხება ავტომობილის შესაძლებლობებს: მოდიფიცირებულ მოდელში განახლებული გამონაბოლქვი სისტემა და სპორტული კატალიზატორები 6.5-ლიტრიანი V12 ძრავის სიმძლავრეს 33 ცხენის ძალით ზრდის. Plug-in ჰიბრიდული სისტემის სამივე ელექტროძრავა მოდელში უცვლელადაა დატოვებული, თუმცა გაძლიერებული შიგაწვის ძრავის საშუალებით საერთო სიმძლავრე 1 034 ცხენის ძალას აღწევს.