2025 წელს საქართველოში 7 891 ელექტრომობილი შემოვიდა | საიდან/რა ფასად ვყიდულობთ?
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. 2025 წელს საქართველოში 135 მილიონ 841 ათასი დოლარის ღირებულების 7 891 ერთეული ელექტროძრავიანი მანქანის შემოვიდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იმპორტის ღირებულება 32.8%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობით გასულ წელს საქართველოში 2 666-ით მეტი ელექტრომობილი შემოვიდა, ვიდრე 2024 წელს.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი განსაკუთრებით, 2022 წლიდან გააქტიურდა და ყოველწლიურად რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 2025 წლის იმპორტიც რეკორდული იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის შემდეგ საქართველოში იმპორტირებული ერთი ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 25 918 დოლარი იყო, თუმცა ამის შემდეგ საშუალო ფასი მცირდებოდა. 2025 წელს კი 1 იმპორტირებული ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 17 214 დოლარამდე შემცირდა.
წლების მიხედვით ელექტრო ძრავის მქონე მსუბუქი ავტომობილების იმპორტის დინამიკა ასეთია:
- 2021 წელი - $7.8 მლნ, 373 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $21 144
- 2022 წელი - $31.8 მლნ, 1 287 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $24 743
- 2023 წელი - $55.8 მლნ, 2 155 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $25 918
- 2024 წელი - $102.2 მლნ, 5 224 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $19 576
- 2025 წელი - $135.8 მლნ, 7 891 ცალი, 1 ცალის საშუალო ფასი - $17 214
საქართველო ყველაზე მეტ ელექტრომობილს აშშ-დან ყიდულობს, მეორე ადგილს კი ჩინეთი იკავებს. რეიტინგში ამერიკა პირველ ადგილს იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობის გამო იკავებს. 2025 წელს ყველაზე იაფად იაპონიიდან ყიდულობდა, ყველაზე ძვირად ელექტრომობილები გაერთიანებული სამეფოდან ვიყიდეთ. იმპორტირებული ერთი ელექტრომობილის საშუალო ღირებულება 247 ათასი დოლარი იყო.
ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:
- აშშ - $81.1 მლნ, 5 586 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $14 522
- ჩინეთი - $25.9 მლნ, 1 162 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $22 311;
- გერმანია - $15.9 მლნ, 192 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $83 065;
- იაპონია - $4.2 მლნ, 682 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $6 251;
- ბელგია - $2.7 მლნ, 65 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $42 520;
- კანადა - $1.2 მლნ, 92 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $13 593;
- გაერთიანებული სამეფო - $1.2 მლნ, 5 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $247 420;
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $724 ათასი, 29 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $24 979;
- პოლონეთი - $714 ათასი, 5 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $142 800;
- აზერბაიჯანი - $642 ათასი, 14 ცალი; 1 ცალის საშუალო ფასი - $42 833;
საქართველოში იმპორტირებული ელექტრომობილების რეექსპორტიც ხდება. გასულ წელს შემოსული ამ ტიპის 1 463 ავტომობილი 35 მილიონ 103 ათასი დოლარად გავიდა ექსპორტზე. ზრდა 25% იყო. რეექსპორტის მთავარი მიმართულებები კი, ისევე როგორც მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, ცენტრალური აზიის ქვეყნები - ყირგიზეთი და ყაზახეთი იყო. ამასთან ელექტრომობილები სომხეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანში, ტაჯიკეთსა და უზბეკეთში გავიდა.